Thumbnail
  • ალვარო მორატა იუვენტუსში იჯარით ითამაშებს
  • ესპანელს ტურინულ კლუბში 9-ნომრიანი მაისურა გადასცეს

ტურინის იუვენტუსში ალვარო მორატა დაბრუნდა, იტალიურმა გრანდმა ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა და ესპანელ თავდამსხმელთან 1-წლიანი საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა.

ატლეტიკოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, იუვეს მორატასთან იჯარის გახანგრძლივების უფლება 2021 წლის ზაფხულში კიდევ ერთი სეზონით ექნება.

ფინანსურ დეტალებს რაც შეეხება, "ბებერ ქალბატონს" მორატას ერთწლიანი იჯარა 10 მილიონი ევრო დაუჯდა და დამდეგ ზაფხულს მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეეძლება, რომელსაც სამ კალენდარულ წელიწადში ეტაპობრივად დაფარავს.

არის მეორე ვარიანტიც - მომავალ ზაფხულს მორატას 1 წლით იჯარით დატოვება, რისთვისაც 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო 2022 წლის ზაფხულში მისი გამოსასყიდი ფასი 35 მილიონი ევრო იქნება (აგრეთვე 3 წელიწადზე დასაფარი თანხა).

ალვარო მორატა იუვენტუსში 2014-2016 წლებში ირჯებოდა და მაშინ ტურინელთა მაისურით ჩატარებულ 93 მატჩში 27 გოლი გაიტანა, 16-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში (2014-16) იუვეს რიგებში მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია.

27 წლის ესპანელი ფორვარდი იუვენტუსში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ბოლოს გონსალო იგუაინის საკუთრება იყო, ხოლო მანამდე თვითონ მორატა იყო იუვეს "ცხრიანი".

ალვაროს კარიერის განმავლობაში მადრიდის რეალში, ჩელსისა და ატლეტიკოში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები