Thumbnail

ლორიას ჟესტმა კვიპროსში ეჭვები გააჩინა - ანორთოსისმა ქართველი მეკარე დაიცვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ლორიას ჟესტს კვიპროსში დისკუსიები მოჰყვა
  • ანორთოსისმა განცხადება გაავრცელა და მეკარე დაიცვა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაზე კვიპროსში უსმიავნო დისკუსიებია. ანორთოსისისა და ლიმასოლის აპოლონის შეხვედრაში ლორიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჩარლისონ ბენშოპმა გაიტანა.

პენალტის შესრულებამდე ლორიას ჟესტმა ყურადღება მიიქცია - ქართველმა კიპერმა თავი მარცხნივ გადასწია და მეტოქემაც სწორედ იმ კუთხეში გაიტანა, გიორგი კი საპირისპირო კუთხეში გადახტა. ეს ვიდეო კვიპროსში სწრაფად გავრცელდა და მასზე დიდი მსჯელობა დაიწყო - თითქოს ლორიამ ეს განზრახ გააკეთა და მეტოქეს მინიშნება მისცა გოლის გასატანად.

მომენტი, რომლის გამოც დისკუსიები დაიწყო

ლორიას ჟესტიკულაციაზე ეჭვი კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეა პაპახარალამბუსს გაუჩნდა. ანორთოსისმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და გუნდის ყველა წევრი, მათ შორის ლორია დაიცვა:

"ანორთოსისი გმობს ყველა იმ სასაცილო ბრალდებას, რაც ბოლო საათებში ჩვენი გუნდის მისამართით გაისმა ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებების გამო. როგორ მოხდა, რომ ბატონ პაპახარალამბუსს ამის შესახებ 24 საათზე ნაკლებ დროში აცნობეს, მაშინ, როდესაც უეფას დაახლოებით 48 საათი მაინც სჭირდება მონაცემების შესაგროვებლად? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, რომელსაც ევროპალიგაზე ჩავატარებთ?

ანორთოსისი ამ მომენტიდან ამ საკითხზე საუბარს წყვეტს. ყველა ერთად, მენეჯმენტი, ფეხბურთელები, ტექნიკური პერსონალი და გულშემატკივრები ყურადღებას ევროტურნირის მატჩზე ვამახვილებთ. ერთმნიშვნელოვნად ვუცხადებთ სრულ ნდობას ყველას, ვინც ჩვენს გუნდს წარმოადგენს. დასასრულს გვინდა განვმარტოთ, რომ ანორთოსისი პატივს სცემს ეთიკისა და სპორტის კომიტეტის როლს და ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერი ინციდენტის გამოძიებაში, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. ანორთოსისი იტოვებს ყველა სამართლებრივ უფლებას“ .

ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში აპოლონთან 1:3 წააგო და სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე არ ისაუბრა, მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - კომენტარის გარეშე და იქაურობა დატოვა. თემური მსაჯის გადაწყვეტილებებით დარჩა უკმაყოფილო და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ამ შეხვედრაში ფამაგუსტელთა ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ანორთოსისი მომდევნო მატჩს ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიაში ბაზელის წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები