Thumbnail

ძალიან მაგარი ამბავი: გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის ქართველი ნახევარმცველი მწყობრში საკმაოდ სწრაფად დგება
  • 21 წლის ფეხბურთელმა ბელგიურ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
  • გენტი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში კიევის დინამოს მასპინძლობს

საქართველოს ნაკრებისა და გენტის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ერთი კვირის წინ ტრავმა მიიღო, ვარჯიში უკვე განაახლა. 21 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა ბელგიური კლუბის ბაზაზე გამართულ გუნდის წვრთნაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის რაპიდთან შეხვედრაში (2:1) მიიღო და მოედანი დატოვა. თავიდან ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

გიორგი ჩაკვეტაძე ემზადება

მაგრამ, როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელი გაცილებით სწრაფად დგება მწყობრში, თუმცა 23 სექტემბერს, კიევის დინამოსთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში მაინც არ იქნება - გენტის მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა განაცხადში არ შეიყვანა.

ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი ელის ბელარუსთან.  

კომენტარები

ბოლო ამბები