Thumbnail
  • დინამო ბათუმის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა
  • არჩილ ბერიძემ მწვრთნელის საკითხზე და ჯოვინოს ტრანსფერზე ისაუბრა

გია გეგუჩაძე დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას არ დატოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ისაუბრა. ბოლოდროინდელი შედეგების გამო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გეგუჩაძე დინამოდან წასვლას აპირებდა.

“გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, - განაცხადა არჩილ ბერიძემ, - ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია - საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი მომზადებული შეხვდება შემდეგ მატჩს და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება.”

გეგუჩაძე დინამო ბათუმს 2018 წლის იანვრიდან წვრთნის. მან კლუბი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, მომდევნო სეზონში კი გეგუჩაძის დინამო საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა. ახალი სეზონი დინამომ არცისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველსავე მეტოქესთან (ბეერ შევას ჰაპოელი) მარცხი მოჰყვა. მერე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წაგება დინამო თბილისთან (1:3) და მარცხი საქართველოს თასზე, გაგრასთან.

არჩილ ბერიძემ პრესკონფერენციაზე ჯოვინო ფლამარიონის ტრანსფერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რატომ გახდა კლუბი იძულებული, ბრაზილიელი ფეხბურთელი ვოლგოგრადის როტორში იჯარით გაეშვა: “ამ ნაბიჯის გადადგმა ჯოვინომ თვითონ მოისურვა და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო, იჯარით როტორში გაგვეშვა. 

'თანახმა ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო'

კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ჩავწერეთ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა. ახლა, როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან ახალი მოლაპარაკება დავიწყეთ, თანახმა ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა მისთვის ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნტქს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით, რადგან იმ პუნქტს აამოქმედებდნენ.”

ფლამარიონ ჯოვინო ბათუმელებმა როტორში გაანათხოვრეს

არჩილ ბერიძემ პრესკონფერენცია ამ სიტყვებით დაასრულა: “ვფიქრობ, რომ ბათუმის დინამო დღესდღეობით წარმატებულია. უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე წელს კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის. სადღაც წარუმატებლობა იქნება. ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები