Thumbnail

'დაწექით, თორემ დათუნაშვილი მოვა' - რატომ ესროდნენ ქართველს სომხურ ტირში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 54 წლის წინ ილია დათუნაშვილმა არარატს 5 გოლი გაუტანა და რეკორდი დაამყარა
  • მე-2 დღეს თბილისიდან ერევანში ჩასული მატარებლის ვაგონებზე ანგარიში - 5:0 ეწერა

ზუსტად 54 წლის წინ, 1966 წლის 22 სექტემბერს მოხდა მოვლენა, რომელიც ქართული ფეხბურთი სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, სხვებს კი ამ ამბის პერიპეტიებს გაცნობა ნამდვილად დააინტერესებთ. საუბარია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის დამყარებულ რეკორდზე, რომელიც დინამო თბილისის შემტევ ილია დათუნაშვილს ეკუთვნის. ერევნის არარატთან შინ მოგებულ (5:0) მატჩში ხუთივე გოლი დათუნაშვილმა გაიტანა და თანაც, ამას მხოლოდ 27 წუთი მოანდომა, რაც ვეღარავინ გადაფარა. მოგვიანებით ამან საფუძველი არაერთ რეალურ თუ გამოგონილ ისტორიას დაუდო სათავე.

დინამოს სომხების უმთავრეს გუნდთან შედარებით ყოველთვის მდიდარი ისტორია ჰქონდა და ერევნელები თბილისელებს ტიტულებითაც ვერ შეედრებოდნენ, თუმცა, 1960 წლის 30 ივლისს არარატმა დინამოელებს 5:1 სძლია და მეზობლებთან წარმატებით ძალიან გაიხარა. როდესაც მე-2 დღეს საქართველოს დედაქალაქში მატარებელი ერევანი-თბილისი ჩამოვიდა, ყველა ვაგონზე ცარცით გასული შეხვედრის ანგარიში იყო გამოყვანილი – 5:1.

ქართველები რევანშს არაერთი წელი ელოდებოდნენ და ეს დღე 1966 წლის 22 სექტემბერს დადგა. დინამო მეტოქეს საბჭოთა კავშირის პირველობის ეგიდით დაუხვდა და სტადიონზე თავისუფალ ადგილს ვერ იპოვიდით. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა და პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, შესვენების შემდეგ კი, დიდი ამბები დატრიალდა. დათუნაშვილმა მე-2 ტაიმის უკვე მე-4 წუთზე გაიტანა, ტაიმის 30-ე წუთისთვის კი აქტივში 5 გოლი ჰქონდა...

რა გასაკვირია და მატჩის შემდეგ, ქომაგები სტადიონიდან პირდაპირ რკინიგზის სადგურისკენ დაიძრნენ და ერევანი-თბილისის მატარებლის “მოხატვა” დაიწყეს. მიზანი ნათელი იყო: ყველა ვაგონზე უკვე თბილისური შეხვედრის ანგარიში – 5:0 უნდა ყოფილიყო დატანილი. რადგანაც იმ ღამეს თბილისში წვიმდა, იყო საშიშროება, რომ ცარცით დაწერილს წყალი წაშლიდა, ამდენად, საღებავების მოზიდვა დაიწყეს და მე-2 დილით ერევანში ჩასულ მატარებელზე ყველაფერი ნათლად ეწერა.

მომდევნო სეზონში დინამოს არარატთან პირველი მატჩი სტუმრად ჰქონდა. როდესაც თბილისელები მინდორზე გავიდნენ, დიდი ყიჟინა ატყდა, თუმცა, როდესაც დიქტორმა თბილისელების შემადგენლობის გამოცხადება დაიწყო, სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ამ ეპიზოდს თავად დათუნაშვილი ასე იხსენებდა:

“მაშინ ჩემთან გუნდის კაპიტანი შოთა იამანიძე მოვიდა და მეკითხება: “იცი, ყველა რატომ გაჩუმდა? იმის გაგება უნდათ, შენ რა ნომრით თამაშობ”. მართლაც, როდესაც დიქტორმა სომხურად გამოაცხადა, რომ დათუნაშვილი 8 ნომრით იყო, სტადიონზე წარმოუდგენელმა ხმაურმა დაისადგურა. დიქტორის ხმა აღარავის ესმოდა და ისიც ცხადია, ამ დროს ქართველ ფეხბურთელს როგორ მოიხსენიებდნენ.

შეტევაზეა ილია დათუნაშვილი

სომეხ ქომაგებს ქართველი ფორვარდის მიმართ დიდი აგრესია ჩამოუყალიბდათ, თუმცა, იყო სახალისო ისტორიებიც. ისინი თავად დათუნაშვილსაც აქვს მოყოლილი:

“მოგვიანებით, მეგობრები მიყვებოდნენ, რომ ლენინაკანში ტირში სამიზნე ნახეს, სადაც ჩემი ფოტო იყო დატანილი. ათიანში რომ მოგეხვედრებინათ, სწორედ ჩემი თავისთვის დამიზნება იყო საჭირო. მაშინ ერთი ანეკდოტიც იყო პოპულარული, რომლის თანახმადაც ერევანში მშობლები ბავშვებს აშინებდნენ, დროზე დაწექით, თორემ დათუნაშვილი მოვაო”.

ცხადია, რომ ამ 5 გოლის წყალობით, დათუნაშვილი ქართველი ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდა, ყველაზე დიდი სიურპრიზი კი მას საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მოუწყო.

“არარატთან მატჩის მერე მან მითხრა, ილია, რაც გინდა მთხოვე, ყველაფერს გაგიკეთებ. ვუთხარი, რომ ჯერ კიდევ 1964 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით, თბილისში ბინას შემპირდნენ, თუმცა, მაინც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მჟავანაძემ მომისმინა, დაახლოებით ერთ საათში კი, ხელში ჩემი ახალი ბინის გასაღები მქონდა”.

ილია დათუნაშვილი დინამო თბილისის ღირსებას 1958-68 წლებში იცავდა და 225 მატჩში 60 გოლი გაიტანა. 1964 წელს ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 2-ჯერ კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. 1966 წელს დათუნაშვილმა 20 გოლი გაიტანა და საბჭოეთის პირველობის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები