Thumbnail

'ემოციურ თამაშს ვმასპინძლობთ' - გრანადას მწვრთნელი ლოკომოტივთან მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გრანადას მთავარი მწვრთნელის კომენტარი ევროპალიგის შეხვედრაზე
  • დიეგო მარტინესის გუნდი კარგად ფორმაშია და სეზონში სამივე თამაში მოიგო

გრანადა ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივთან მატჩისთვის ემზადება. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ალავესთან ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა შეაფასა, შეგირდებს თამაში მოუწონა და შემდეგ ლოკომოტივთან მატჩის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

გრანადა ევროტურნირების ეგიდით პირველად ითამაშებს საკუთარ კედლებში და ამგვარად, თბილისის ლოკომოტივი მისთვის პირველი ევრომეტოქე იქნება - ოღონდ მშობლიურ სტადიონზე...

დიეგო მარტინესი (გრანადას მთავარი მწვრთელი): "ახლა უკვე ნამდვილად ვფიქრობთ ევროპალიგის თამაშზე. „ლოს კარმენესზე“ პირველად გვიწევს ასეთი მატჩის მასპინძლობა. გულშემატკივრები ხუთშაბათს სახლიდან გვიქომაგებენ. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, ხოლო გრანადისტები აღელვებულები, რადგან ძალიან ემოციურ თამაშს ვმასპინძლობთ".

როგორც აღვნიშნეთ, გრანადა ევროტურნირებზე ისტორიაში პირველად თამაშობს და შესაბამისად, თბილისის ლოკომოტივი მისთვის პირველი საშინაო მოწინააღმდეგე იქნება. ესპანურმა გუნდმა ევროპალიგაზე სადებიუტო თამაში ალბანეთში ტეუტასთან ჩაატარა და ძალიან ადვილად, 4:0 იმარჯვა. ზოგადად, დიეგო მარტინესის გუნდმა სეზონი იდეალურად დაიწყო, ლა ლიგაში ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, „ლოს კარმენესზე“ ჯერ ბილბაო დაამარცხა (2:0), შემდეგ კი ალავესი (2:1) და გათამაშებას სევილიის ბეტისთან ერთად ლიდერობს.

გრანადას სეზონში მაგარი სტარტი აქვს და ლა ლიგაში ლიდერია

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგაზე ჯერ რუმინულ კრაიოვა უნივერსიტატეას (2:1), შემდეგ კი მოსკოვის დინამოს (2:1) მოუგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო მატჩი გუშინ ჩაატარა, საჩხერის ჩიხურასთან წააგო (1:2) და საქართველოს თასს 1/8-ფინალში გამოეთიშა. თუ გრანადა ევროპაში პირველ სეზონს ატარებს, ლოკომოტივი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპამდე თავის ისტორიაში პირველად მივიდა. გრანადა - ლოკოს მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები