Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 3:6 რობერტო ბაუტისტა აგუტი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ივლისის შემდეგ ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება, მორიგი შეხვედრა წააგო. ეს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოხდა, სადაც სტარტი აიღო HAMBURG EUROPEAN OPEN-მა საპრიზო ფონდით 1 203 960 ევრო. არადა, ჩვენებურს ამ შეჯიბრზე ზედიზედ 12 (!) მატჩი ჰქონდა მოგებული.

ბასილაშვილი სასტარტო შეხვედრაში მე-4 ნომრად განთესილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს გაეჯიბრა და 4:6, 3:6 წააგო. ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში 1:4 ჩამორჩა და მართალია, წონასწორობა აღადგინა, სეტი მაინც დათმო. ნიკამ მე-2 სეტის სტარტზევე ბრეიკი განახორციელა, მაგრამ ამას მიჯრით წაგებული 4 გეიმი მოჰყვა და თამაში ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა.

მატჩი საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და სტატისტიკაში ბასილაშვილის მარცხის მიზეზი კარგად სჩანდა. მან 41 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ესპანელმა ჩოგბურთელმა კი მხოლოდ - 13. ბასილაშვილის ეს წაგება მით უფრო დასანანია, რომ მას ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ 2-ჯერ (2018, 2019) ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი, მისთვის საყვარელ ტურნირზე ქომაგებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა.

ამგვარად, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ბასილაშვილს უკვე ზედიზედ 7 მატჩი აქვს წაგებული და თანაც, ამ შეხვედრებში სეტიც კი არ მოუგია. ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ნიკოლოზი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ჯონ მილმანთან (ავსტრალია, 1:6, 4:6, 4:6), ფედერიკო დელბონისთან (არგენტინა, 5:7, 3:6), ლორენცო სონეგოსთანა (იტალია, 3:6, 1:6) და ახლა, უკვე ბაუტისტა აგუტთან.

მოსალოდნელია, რომ ბასილაშვილისთვის მომდევნო ტურნირი საფრანგეთის ღია პირველობა იქნება, რომელიც წლეულს არატრადიციულ დროს, 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ცხადია, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახლავთ. შარშანდელ როლან გაროსზე ნიკოლოზმა პირველივე წრეში არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან 4:6, 1:6, 3:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები