Thumbnail

ვან დაიკი და რამოსი TOP 5-შიც კი არ არიან! საუკეთესო მცველები FIFA 05-ის შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

სერხიო რამოსი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ბევრი ამ წინადადებიდან “ერთ-ერთსაც” ამოიღებს. ვინც ამას არ გააკეთებს, ის მადრიდის რეალის კაპიტნის გვერდით TOP მცველებში ვირჯილ ვან დაიკსაც დააყენებს. 

ზოგადად, საუკეთესო ფეხბურთელებზე მსჯელობისას ბევრი ახსენებს ხოლმე თამაშ FIFA-ს რეიტინგებს. თუ FIFA 05-დან მოვყვებით, აღმოვაჩენთ, რომ რეიტინგის მიხედვით საუკეთესო მცველებში არცთუ ცოტა უცნაურობაა. მაგალითად ის, რომ სერხიო რამოსი საუკეთესო ხუთეულშიც კი არ არის.

სხვათა შორის, დღეს ტიაგო სილვა 36 წლის გახდა და რეიტინგში, რომელიც მოიცავს საუკეთესო მცველებს FIFA 05-დან დღემდე, ბრაზილიელი მე-8 და 25-ე ადგილებს იყოფს იმ მცველებთან ერთად, რომელთა საუკეთესო მონაცემი FIFA-ში 89 იყო.

მაშ ასე: საუკეთესო მცველები FIFA 05-ის შემდეგ - TOP 25 ფოტოგალერეაში

89 - ტიაგო სილვა (პსჟ, FIFA 17)

ბრაზილიელი პარიზელთა რიგებში 2012-დან 2020 წლამდე თამაშობდა, 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ამ სეზონიდან სილვა ჩელსიშია.

89 - ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი, FIFA 17)

ბაიერნში 2012 წლიდანაა. ბოლოს ცუდი პერიოდი ჰქონდა. შარშან გუნდიდან გაშვებას ბოლოს გადაურჩა. ჰანსი ფლიკის ხელში ისევ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

89 - ნემანია ვიდიჩი (იუნაიტედი, FIFA 12)

ვიდიჩი იუნაიტედში 2006-დან 2014 წლამდე თამაშობდა და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სერბმა კარიერის ბოლო წლები მილანის ინტერში გაატარა (2014-2016).

89 - კრისი (ლიონი, FIFA 06)

ბრაზილიელი ლიონში 2012 წლამდე დარჩა, 2003-ში ცოტა ხნით ლევერკუზენში იყო განათხოვრებული. საფრანგეთის 4-გზის ჩემპიონია, 2014-ში სამშობლოში დაბრუნდა.

89 - კრისტიან ვიორნსი (დორტმუნდი, FIFA 06)

ბუნდესლიგაში ლევერკუზენსა და დორტმუნდში თამაშობდა. 1998-ში ერთი წლით პსჟ-ში წავიდა, მერე BVB-ში და 2002-ში ჩემპიონი გახდა. ვიორნსმა კარიერა 2008-ში დაასრულა.

89 - ფაბიო კანავარო (იუვენტუსი, FIFA 06)

ლეგენდარული მცველი 2006-ში იტალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კარიერა 2011-ში, ალ აჰლიში დაასრულა.

89 - კარლეს პუიოლი (ბარსელონა, FIFA 06)

ბარსას ლეგენდას სხვაგან არ უთამაშია, კარიერა 2014-ში დაასრულა, 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 6-ჯერ - ესპანეთის ჩემპიონი. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია.

89 - ჯონ ტერი (ჩელსი, FIFA 05)

ჩელსიში 2017 წლამდე თამაშობდა, მერე ერთი წელი ასტონ ვილაში გაატარა. 5-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ, 2012-ში ჩემპიონთა ლიგა. ახლა ვილაში მუშაობს.

89 - დანიელ ვან ბუიტენი (ჰამბურგი, FIFA 05)

ჰამბურგის მცველი ტოპებში? დიახ! HSV-ში ორი წელი ითამაშა და კაპიტანი იყო. 2006-ში ბაიერნში გადავიდა და 2013 წელს ტრიპლი მოიგო. კარიერა 2014 წელს დაასრულა.

89 - ვალტერ სამუელი (რეალი, FIFA 05)

რეალში არგენტინელმა მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. 2005-შივე ინტერში წავიდა, სადაც 2014-მდე დარჩა და ჩემპიონობებთან ერთად, 2010-ში ტრიპლიც იზეიმა.

89 - კრისტოფ მეტცელდერი (დორტმუნდი, FIFA 05)

დორტმუნდში 7 წლის შემდეგ, მეტცე 2007-ში რეალში წავიდა, მერე კი, 2010-ში - 3 წლით შალკეში. 2002-ში BVB-სთან და 2008-ში რეალთან ერთად ჩემპიონი გახდა.

90 - დიეგო გოდინი (ატლეტიკო, FIFA 19)

ურუგვაელი ატლეტიკოში 2010-დან 2019 წლამდე თამაშობდა და 2014-ში ჩემპიონი გახდა. პლუს, ორჯერ მოიგო ევროპალიგა და ორჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

90 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი, FIFA 19)

ჯორჯო იუვენტუსში 2005 წელს მივიდა და თითქმის მას მერე იქ დაცვის შეფია. კიელინის ტურინულ გრანდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ აქვს მოგებული.

90 - მატს ჰუმელსი (დორტმუნდი, FIFA 18)

2016 წელს დორტმუნდიდან ბაიერნში დაბრუნდა, სადაც ბავშვობაში თამაშობდა. მიუნხენში სამჯერ გახდა ჩემპიონი და 201პ წელს ისევ ბორუსიაში დაბრუნდა.

90 - ჩირო ფერარა (იუვენტუსი, FIFA 05)

FIFA 05 მისთვის ბოლო იყო, რადგან სწორედ 2005-ში დაამთავრა კარიერა. ჩირო ფერარა იუვეში 1994 წლიდან თამაშობდა - ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

90 - რობერტო აიალა (ვალენსია, FIFA 05)

არგენტინელმა ‘ღამურებში’ 2000-დან 2007 წლამდე იასპარეზა, ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. 2011 წლამდე სარაგოსაში იყო, ბოლოს არგენტინულ რასინგში.

90 - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, FIFA 21)

ვან დაიკი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მცველებს შორის მეორე ადგილზეა (84,65 მილიონი). 2019-ში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2020-ში პრემიერლიგა.

91 - სერხიო რამოსი (რეალი, FIFA 19)

რამოსი რეალში 2005 წლიდან თამაშობს და წლებია, კაპიტანია. 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატი და 2010-ში მსოფლიოს ჩემპიონატი.

92 - ლილიან ტიურამი (იუვენტუსი, FIFA 05)

ფრანგი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იუვეში 2001-დან 2006 წლამდე თამაშობდა და მერე ორი წელი ბარსელონაში გაატარა. ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

92 - რიო ფერდინანდი (იუნაიტედი, FIFA 05)

რიომ მანჩესტერ იუნაიტედში 2002-დან 2014 წლამდე ითამაშა, ექვსჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა. ბოლოს ერთი წელი ქუინზ პარკში გაატარა.

92 - პაოლო მალდინი (მილანი, FIFA 05)

ლეგენდარულმა მცველმა მილანში 1984-დან 2009 წლამდე ითამაშა. შვიდჯერ მოიგო ‘სკუდეტო’ და ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა. მილანში მის მე-3 ნომერს აღარავის აძლევენ.

93 - სოლ კემპბელი (არსენალი, FIFA 05)

ტოტენჰემიდან არსენალში 2001-ში გადავიდა და 2006 წლამდე ითამაშა. მერე იყო პორტსმუთი და ნიუკასლი. ინგლისის ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული.

93 - იაპ სტამი (მილანი, FIFA 05)

საუკეთესო წლები იუნაიტედში გაატარა, რომელიც 2001 წელს დატოვა და ჯერ ლაციოში ითამაშა, მერე კი 2004-ში მილანში აღმოჩნდა. კარიერა 2007-ში აიაქსში დაასრულა.

93 - ლუსიო (ბაიერნი, FIFA 05)

გახსოვთ, როგორ უყვარდა შეტევაში წასვლა? საუკეთესო წლები ლევერკუზენში და მიუნხენის ბაიერნში გაატარა. 2010-ში ინტერში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

94 - ალესანდრო ნესტა (მილანი, FIFA 05)

ამას ბევრი დაეთანხმება: FIFA-ს ისტორიაში (05-დან) საუკეთესო მცველი ალესანდრო ნესტაა. მილანში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2006-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები