Thumbnail

'ლამაზი თამაშით ყველა შეცდომას ფარავს' - რუსი კომენტატორი კვარაცხელიაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ასეთ ბიჭებს ყველანი ვეძებთ და შემდეგ ვაკრიტიკოთ, რომ სადღაც მცირედით გადაამეტა?'
  • კონსტანტინ გენიჩის აზრით, ქართველი ფეხბურთელი კიდევ უფრო მოუმატებს

ცნობილი რუსი საფეხბურთო კომენტატორი კონსტანტინ გენიჩი ყაზანის რუბინის ქართველი ლეგიონერის ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისგან მომავალშიც ბევრს უნდა ველოდეთ. ცნობისთვის, უმთავრეს რუსულ სპორტულ არხზე Матч ТВ რუბინის და მოსკოვის სპარტაკის გასული მატჩი სწორედ გენიჩს მიჰყავდა, ამდენად, ინტერვიუში ამ შეხვედრას გამორჩეული ყურადღება დაუთმო. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და მსაჯს სპარტაკელთა მცველიც გააძევებინა.

გასული სეზონის მიწურულს საყოველთაო აღფრთოვანების შემდეგ, უკვე სხვა აზრებიც ჩნდება. მაგალითად, კვარაცხელია გადაფასებული ფეხბურთელი ხომ არაა. რატომ არის, რომ სლუცკი მას კვლავაც განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს?

კონსტანტინ გენიჩი: სლუცკის ადგილას რომ ვიყო, ისეთი ფეხბურთელს, როგორიც ხვიჩაა, მეც არ შევბოჭავდი. რატომ უნდა შევაჩეროთ მოთამაშე, რომელსაც უდავოდ ძლიერი თვისებები აქვს? ნათელია, რომ კვარაცხელია ძალიან ეფექტურია და ბევრის აზრით, ნაკლებ ეფექტიანი, თუმცა, პენალტებს იპოვებს, მეტოქეებს ყვითელი და წითელ ბარათებს აღებინებს. მას გუნდისთვის სარგებელი ყველა ვარიანტში მოაქვს. ცხადია, რომ ზოგჯერ დრიბლინგის კუთხით ამეტებს და ამავდროულად, ჩემი აზრით, დაცვაშიც ნაკლებს მუშაობს. ამის გამო, ყაზანელებს ფლანგებზე პრობლემები უჩნდებათ ხოლმე. ვფიქრობ, ყველაზე დიდი პოტენციალი თვითრეალიზაციაში აქვს. მას ტემპის შეცვლა კარგად ეხერხება, ბურთთან ერთად ჩინებულად გარბის და ერთი ერთზე ნებისმიერის მოტყუება შეუძლია. თანამედროვე ძალიან მჭიდრო ფეხბურთში ეს შეუცვლელი თვისებებია. როდესაც მან სპარტაკელ მასლოვს მე-2 ყვითელი ბარათი აჰკიდა, მანამდე, ორ ფეხბურთელს გასცდა და ეს, უბრალო მოთამაშეები კი არ იყვნენ, არამედ, ჩეხეთის ნაკრების წევრი კრალი და რუსეთის ნაკრების მცველი ზობნინი.

ასეთი შემსრულებლის შეზღუდვა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა. უბრალოდ, გარკვეულწილად ფუნქციონალი უნდა გადაიხედოს, თორემ ის აზრი, რომ ხვიჩა გადაფასებულია, არასწორად მიმაჩნია. მათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ კვარაცხელია საკუთარ თავზე ზედმეტს იღებს, ვუპასუხებ, რომ მისი ქმედებები აბსოლუტურად გამართლებულია. სხვა საქმეა, რომ ზოგ შემთხვევაში ის ძალიან ემოციურად რეაგირებს და ბოლო მატჩში ყვითელი ბარათიც ამის დასტური იყო. უბრალოდ, სპარტაკთან თამაშში თავის გამოჩენა ყველას განსაკუთრებულად სურს. სხვა შეხვედრებში ასეთი რამეები იშვიათად იყო და ძალიან სარგებლიანად მოქმედებდა. გაიხსენეთ, რამდენი პენალტი გამოიმუშავა და ამის წყალობით, რუბინმა არაერთი ქულა შეიმატა. სლუცკი მას არ ამუხრუჭებს და სწორადაც იქცევა. თუკი კვარა შეტევის გარდა, დაცვაშიც მოუმატებს, ის კიდევ უფრო სარგებლიანი ფეხბურთელი გახდება.

კონსტანტინ გენიჩი

არ თვლით, რომ ახალ სეზონში კვარაცხელია ძველებურად ვეღარ ვითარდება? თუ მეტოქეებმა აუღეს ალღო?

ეს გადამეტებული მოლოდინების ბრალია. თუკი ლოკომოტივსა და შარონოვის რუბინში ის უბრალოდ პერსპექტიული ახალგაზრდა იყო, სლუცკის ხელში სრულად გაილაღა. ვთვლი, რომ გასული ჩემპიონატის დასკვნით 8 ტურში კვარაცხელია არა მხოლოდ რუბინის, არამედ სრულიად პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო. თანამედროვე ფეხბურთში ყველანი ვეძებთ ბიჭებს, რომელთაც მეტოქეების მოტყუება შეუძლიათ, შემდეგ კი, ხვიჩა ვაკრიტიკოთ, რომ სადღაც მცირედით გადაამეტა? მე, პირიქით, შევაქებდი კიდეც. დიახ, ზოგ მომენტში აჭარბებს, თუმცა, ამას ისე ლამაზად აკეთებს, რომ ეს ყველა მის შეცდომას ფარავს ხოლმე. კვარაცხელიამ თამასა ისე მაღლა ასწია, რომ მეტოქეები მის წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადებიან, რუბინის ქომაგები კი მუდმივად რაღაც საოცრების მოლოდინში არიან. შესაბამისად, თუკი პენალტი არ გამოიმუშავა ან მოწინააღმდეგეს ბარათი არ აჰკიდა, ითვლება, რომ ვერ ითამაშა. კვარაცხელია ჯერაც ახალგაზრდა ფეხბურთელია და ისეთი სპეციალისტის ხელში, როგორიც სლუცკია, აუცილებლად მოუმატებს.

კომენტარები

ბოლო ამბები