Thumbnail
  • ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში მინიმუმ ზამთრის შესვენებამდე ითამაშებს
  • გიორგი პაპუნაშვილის გასხვისებაზე უარი არაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა თქვა

ესპანურმა სარაგოსამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 25 წლის გიორგი პაპუნაშვილი გუნდში დარჩება და არაგონელთა მაისურით მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე ითამაშებს.

AS-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სარაგოსელთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ დაამტკიცა და მას კლუბის სპორტული დირექტორი ლალო არანტეგიც ეთანხმება, რომელიც ქართველი ნახევარმცველის დიდ ქომაგად ითვლება.

სეგუნდა დივიზიონის გუნდში პაპუნაშვილს ბოლო 20 დღის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდნენ და მწვრთნელმა ის ხეტაფესთანა და ხიმნასტიკთან საკონტროლო მატჩებში ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მართალია, გიორგის იმ თამაშებში თავი დიდად არ გამოუჩენია, მაინც მისი დატოვება გადაწყდა და ეს ნიშნავს, რომ შანსი ოფიციალურ მატჩებშიც მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ სეგუნდა დივიზიონში უკვე 2 ტურის მატჩები მიილია, თუმცა, რადგანაც სარაგოსა საპლეიოფო თამაშებში იყო ჩართული და სეზონი სხვებზე გვიან დაასრულა, საქმეში ჯერაც არ გვიხილავს. ქართველი ლეგიონერის კლუბი პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ლას პალმასს უმასპინძლებს.

პაპუნაშვილი სარაგოსას 2017 წელს 300 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სადებიუტო სეზონი წარმატებული ჰქონდა (31 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე პასი), თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. არაგონელთა მაისურით ქართველმა შემტევმა, საერთო ჯამში, 62 თამაშში 13 გოლი გაიტანა. მოგვიანებით, ის იჯარით სანტანდერის რასინგში გადავიდა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო და ისევ არაგონელთა რიგებში დაბრუნდა.

📺 გიორგი პაპუნაშვილის გოლები სარაგოსაში

კომენტარები

ბოლო ამბები