Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 91:86 სარაგოსა
  • ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იბეროსტარ ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი იცავს, ესპანური ლიგა ენდესას ახალი სეზონით გამარჯვებით დაიწყო. ტენერიფელები შერმადინის ერთ-ერთ ყოფილ კლუბ სარაგოსას გაეჯიბრნენ და ოვერტაიმში 91:86 მოიგეს.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:24 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო ურუგვაელი ბრუნო ფიტიპალდო იყო 23 ქულით, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა 17 ქულა ჩააგდო, კანადელმა აარონ დორნეკამპმა კი – 16.

იბეროსტარ ტენერიფე მე-2 ტურის მატჩს 23 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ბილბაო ბასკეტს ესტუმრება. 25 სექტემბერს ელის მომდევნო შეხვედრა ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას, რომელმაც სასტარტო ტურში სწორედ ბილბაოელებს 107:102 სძლია, ბექამ კი 14 ქულა მიითვალა. კანარელები თად მაკფადენის ბურგოსს ესტუმრებიან. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა ბარსელონასთან პირველი ტურის მატჩში (86:89) 8 ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები