Thumbnail

კორონავირუსი ევრობასკეტის სისტემას ცვლის - სიახლე საქართველოსაც შეეხება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მომავალი ფანჯრების დროს მატჩები მიმოსვლითი სისტემით აღარ ჩატარდება
  • საქართველოს ნაკრები სხვებთან ერთად, NBA-ს მსგავსად, 'ბაბლში' ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტი 2022-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები მიმდინარე წლის ნოემბერსა და გაისად თებერვალში ელის. კალენდრის თანახმად, მომავალი შეხვედრები ტრადიციულად მიმოსვლითი სისტემით იყო გაწერილი, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, სისტემა შეიცვალოს და გუნდებს თამაში NBA-ს მსგავსად, “ბაბლში”, ერთ მოედანზე მოუწიოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფიბა-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

“ორივე მომავალი ფანჯრის დროს მატჩები უნდა ჩატარდეს “ბაბლში”, საშინაო და საგარეო თამაშების ნაცვლად, ამასთან მასპინძელ მხარესთან შეთანხმებით, დაცული უნდა იქნას ფიბა-ს ჯანდაცვის პროტოკოლი. ყოველი “ბაბლი” მიიღებს 4 ან 8 ნაკრებს (1 ან 2 საკვალიფიკაციო ჯგუფი). მასპინძელი ქვეყნების ვინაობა რეგიონული პრინციპით შეირჩევა”.

ფიბა აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოტანას უახლოეს პერიოდში აპირებს და შესაძლოა, ეს მიმდინარე კვირასვე მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ტურნირში თამაში გარანტირებული აქვს, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც თამაშობს და ძალიან წარმატებულადაც.

ილიას ზუროსის შეგირდებმა სასტარტო შეხვედრებში შვეიცარიასა (96:88) და სერბეთს (94:90) სძლიეს და E ჯგუფის სათავეში იმყოფებიან. საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ფინეთსა და შვეიცარიაში სტუმრობა ელის, თებერვალში კი, სერბეთსა და იმავე ფინეთს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები