Thumbnail

ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია - ის კვლავ უცხოეთში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა კონტრაქტი ბანიჯას აბუ დაბისთან გააფორმა
  • გიორგი ცინცაძეს აზიაში ასპარეზობის გამოცდილება უკვე გააჩნია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ ბანიჯას აბუ დაბიში გააგრძელებს.

34 წლის კალათბურთელისთვის აზიაში თამაში უცხო ხილი არაა, რადგანაც გასული 2 წელი ყატარულ ალ შამალიში გაატარა (ქვეყნის ჩემპიონიც გახდა), გასულ სეზონში, 13 მატჩში მისი საშუალო მონაგარი კი 15.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 7.6 პასი და 1.5 ჩაჭრა იყო.

გასულ თებერვალს გიორგი საქართველოში დაბრუნა და სუპერლიგის წევრ თბილისის დინამოში აპირებდა თამაშს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი შეწყდა და ის მოედანზე ვეღარ ვიხილეთ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ გეგმები ემირატელებსაც აურია. ცინცაძის ახალი კლუბი მეოთხედფინალურ სერიაში ალ შარჯას ხვდებოდა და სერიაში პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი, პანდემიის გამო პაუზა გამოცხადდა. თამაშების განახლება ოქტომბრიდან იგეგმება და სავარაუდოა, რომ ბანიჯასს უკვე ქართველი ლეგიონერიც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძეს საკმაოდ მდიდარი სათამაშო ბიოგრაფია აქვს. უცხოეთში იგი ცსკას (რუსეთი), სამარას (რუსეთი), ურალ გრეიტის (რუსეთი), დინამო მოსკოვის (რუსეთი), ტარტუს (ესტონეთი), ტრიკალას (საბერძნეთი), დონეცკის (უკრაინა), სოპოტის (პოლონეთი), ბუდიველნიკის (უკრაინა), ჩემპვილის (ლიბანი), სკოპიეს (მაკედონია), გრაველინის (საფრანგეთი), რუენისა (საფრანგეთი), იაშის (რუმინეთი) ღირსებასაც იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები