Thumbnail
  • კლაკსვიკი - დინამო თბილისის მატჩს ისლანდელები იმსაჯებენ
  • გრანადა - ლოკომოტივს ცნობილი ნიდერლანდელი არბიტრი მოემსახურება

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს. თბილისის ლოკომოტივი ესპანეთში გრანადას დაუპირისპირდება, დინამო თბილისი კი - ფარერის კუნძულებზე კლაკსვიკის წინააღმდეგ ითამაშებს.

გრანადასა და ლოკომოტივის დაპირისპირებას გამოცდილი ნიდერლანდელი არბიტრი სერდარ გიოზიუბიუიკი განსჯის. მას თანამემამულეები, იოსტ ვან ზუილენი და როჯირ ჰონიგი დაეხმარებიან, ხოლო მე-4 მსაჯის მოვალეობას ედვინ ვან დე გრააფი შეასრულებს.

34 წლის ნიდერლანდელი გამოცდილი მსაჯია, რომელიც წლებია, ერედივიზიონის, ევროტურნირებისა და სანაკრებო მატჩებზე მუშაობს. გიოზიუბიუიკმა ბოლოს 19 სექტემბერს ალკმაარისა და ზვოლეს შეხვედრა განსაჯა და ორი ფეხბურთელი გააძევა, ხოლო 7 გააფრთხილა. ქართულ კლუბებთან მისი გზა აქამდე არასდროს გადაკვეთილა, ერთხელ კი საქართველოს ნაკრების მატჩზე იმუშავა - 2019 წლის 26 მარტს, დუბლინში, ირლანდია - საქართველო განსაჯა (1:0) და 2 ყვითელი ბარათი ამოიღო - ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გააფრთხილა.

ლოკომოტივმა წინა ორი ეტაპი სენსაციურად გადალახა

კლაკსვიკისა და დინამო თბილისის მატჩს ისლანდიელები განსჯიან. მთავარი მსაჯი თორვალდურ არნასონია, ხოლო მას იოჰან გუდმუნდსონი და ანდრი ვიგფუსონი დაეხმარებიან, მე-4 არბიტრად უეფამ პეტურ გუდმუნდსონი დანიშნა.

რაც შეეხება არნასონს: ისლანდიის ჩემპიონატის გარდა, ევროტურნირებსა და სანაკრებო მატჩებზე მუშაობს. საქართველოსთან მისი გზა ორჯერ გადაიკვეთა და ორჯერვე 19-წლამდე ნაკრების მატჩში. 2019 ლის 15 ოქტომბერს, საქართვლოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატი თანატოლები გიორგი გულიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:0) დაამარცხა. ისლანდიელმა მსაჯმა ამ თამაშში ერთი ქართველი და 5 ხორვატი ფეხბურთელი გააფრთხილა, ჩვენს სასარგებლოდ კი პენალტიც დანიშნა. ამ შეხვედრამდე 6 დღით ადრე უნგრეთისა და საქართველოს 19-წლამდე მატჩზე, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდმა 4:2 მოიგო, მე-4 მსაჯი იყო.

შეგახსენებთ, რომ კლაკსვიკი - დინამო თბილისისა და გრანადა - ლოკომოტივის მატჩები 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ერთმანეთის პარალელურად დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები