Thumbnail

ანდრეა პირლოს იუვენტუსის სადებიუტო თამაშით ყველა კმაყოფილი დარჩა. გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა, ამის მიუხედავად, თავის პირველ შეხვედრაში კარგი ფეხბურთი აჩვენა და ბევრად უფრო დინამიურად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე მაურიციო სარის ეპოქაში. მატჩის შემდეგ ამ ორ მწვრთნელს შორის სხვაობაზე ყურადღება გაამახვილა ლეონარდო ბონუჩიმაც.

"თქვენ ნახეთ ის ახალი იდეები, რაც სამწვრთნელო შტაბს აქვს. დაცვაშიც და შეტევაშიც ბევრად უფრო მეტი ენთუზიაზმით ვითამაშეთ. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ახლა ბევრად უფრო აგრესიულები ვართ, ინიციატივას ვიღებთ. დაცვაშიც განსხვავებულად ვთამაშობთ: სარის დროს მთელი დაცვის ჯგუფი ერთად ვმოძრაობდით, პირლო აქცენტს ერთი-ერთზე თამაშზე აკეთებს და უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევს." - განაცხადა ტურინელთა მცველმა სამპდორიასთან 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ.

ბონუჩიმ პირველივე თამაშში გაიტანა

ბონუჩის კითხვა სარისთან ურთიერთობაზეც დაუსვეს, რადგან იტალიური პრესა მუდამ წერდა, რომ გუნდის ვეტერანები მას არცთუ ისე კარგად ეწყობოდნენ და კითხეს, პირლო უფრო მეტად სარის გავდა თუ ალეგრის.

ბონუჩი: "ორი აზრი არ არის, რომ ის უფრო მეტად ალეგრის ჰგავს. მას გუნდზე იგივე გავლენა აქვს, რაც, როგორც მოთამაშესაც ჰქონდა - ბურთს ანდობ და იცი, რომ არ დაკარგავს. ახლაც ასეა. მის მიმართ დიდი ნდობაა."

მატჩის შემდეგ მწვრთნელით კმაყოფილებას არ მალავდა დეიან კულუშევსკიც, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა: "პირლო ძალიან მშვიდი და თავისუფალია. მას თავისი ფეხბურთელების სჯერა და აძლევს საშუალებას, რომ თავისუფლად ითამაშონ. მის გუნდში თამაში ერთი სიამოვნებაა."

ანდრეა პირლო სადებიუტო შეხვედრაში

პირლოს იუვეს წარმატებული დებიუტის შემდეგ ახალი გამოცდები ელის. შემდეგ ორ ტურში ტურინული გრანდი რომას და ნაპოლის ეთამაშება. მოთამაშეების კომენტარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ იუვენტუსში, სარისგან განსხვავებით, მის გუნდში თამაში მოსწონთ.

კომენტარები

ბოლო ამბები