Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 105:103 დენვერ ნაგეთსი
  • სერიაში ანგარიში 2:0 გახდა - ლეიკერსის სასარგებლოდ
  • რომ არა დევისი, მატჩის გმირი იოკიჩი გახდებოდა

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დენვერ ნაგეთთს მეორე თამაშიც მოუგო - ენტონი დევისის გეიმვინერით, ბოლო წამზე - 105:103. არადა, მანამდე ლეიკერსმა 16-ქულიანი უპირატესობა ქარს გაატანა. ბოლოს ყველაფერი AD-მ გამოასწორა.

ენტონი დევისმა ბოლო წამზე ასეთი სამქულიანი ჩააგდო

ანგარიში 102:103 იყო ნაგეთსის სასარგებლოდ, როცა დევისმა ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო და ლეიკერსს დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში მეორე მოგება მოუტანა. 31 ქულით და 9 მოხსნით AD ლოსანჯელესელთა შორის საუკეთესო გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. დენი გრინმა და კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა 3-3 სამიანი ჩააგდეს (ორივეს 11 ქულა), სკამიდან  კი ალექს კარუზომ (9) და კაილ კუზმამ (8) ითამაშეს კარგად.

დენვერიდან ნიკოლა იოკიჩი გამოირჩეოდა - განსაკუთრებით მატჩის ბოლო ფაზაში, როცა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო. რომ არა დევისის ბაზერბითერი, გეიმვინერის ავტორი სწორედ ნაგეთსის სერბი ლიდერი იქნებოდა. იოკიჩმა ჯამში 30 ქულა დააგროვა, პლუს 9 პასი და 6 მოხსნა. ჯამალ მარის აქტივში 25 ქულაა, თუმცა პერიმეტრიდან პრობლემები ჰქონდა (2/9 სამიანი).

“ხალხი ამბობდა, რომ მე არ ვიცი, რა არის წნეხი და რომ ასეთ მომენტში მანამდე არ ვყოფილვარ. ნამდვილად მინდა ასეთი ბურთების სროლა. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ გადამწყვეტ მომენტებში სწორედ ასე მოვიქცე,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ენტონი დევისმა.

“მათ უბრალოდ ორი მართლაც კარგი, მართლაც მაგარი, მართლაც ძალიან მაგარი კალათბურთელი ჰყავთ,” - ეს ნიკოლა იოკიჩის სიტყვებია.

ლეიკერსისა და ნაგეთსის სერიის მესამე მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები