Thumbnail

'კარგად ვითამაშეთ, რადგანაც არ გავუშვით' - ზიდანის რეალმა ქულები დაკარგა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოსიედადი 0:0 რეალი
  • მადრიდული გრანდი ახალი სეზონის პირველ მატჩში უფერულად გამოიყურებოდა

მადრიდის რეალმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი სოსიედადთან 0:0 დაასრულა. აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბმა” ლა ლიგა ქულების დაკარგვით უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მეხუთედ დაიწყო, სასტარტო ტურში 0:0 კი 2015 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა. მაშინ მადრიდელებს რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. თამაშის შემდეგ, რეალის ათავკაცმა ზინედინ ზიდანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“2 ქულა დავკარგეთ, რადგანაც ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ, რადგანაც არ გავუშვით. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მეორეში კი – არა. ედეგორის დებიუტით კმაყოფილი ვარ. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მოუმატებს. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. გუნდში ბევრი ფეხბურთელი მყავს და ვიღაც ყოველთვის თადარიგში დარჩება. იოვიჩის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა”.

ხსენებულმა ედეგორმა რეალის მაისურით ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა, რასაც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე, მისი თანამემამულე მაგნუს კარლსენიც კი გამოეხმაურა: “უნდა გამოგიტყდეთ, რომ რეალის თერთმეტეულში ედეგორის გამოჩენა დიდებულია. წარმატებები”.

ნორვეგიელ ნახევარმცველს მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა, თუმცა, ეს თასზე იყო, როდესაც “სამეფო კლუბმა” ლეონესას 6:1 სძლია. ლა ლიგაში მას შეცვლაზე უკვე ეთამაშა 2015 წლის მაისში ხეტაფესთან. ნორვეგიელი ლეგიონერი რეალის კუთვნილება სწორედ 2015 წელს გახდა, მომდევნო წლები კი, იჯარის წესით ჰერენვენში, ვიტესსა და სოსიედადში გაატარა, რომლის წინააღმდეგაც დღეს ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები