Thumbnail
  • ქართველთა გუნდი აპოლონთან დამარცხდა
  • თორნიკე ოქრიაშვილმა თავი ისევ გამოიჩინა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა ლიმასოლის აპოლონს უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. თემურ ქეცბაიას გუნდისთვის თამაში კარგად დაიწყო და იგებდა, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაუშვა და 1:3 წააგო.

ქეცბაიამ ქართველები ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და არცერთი შეუცვლია. თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ 90 წუთი გაატარეს მოედანზე. ამ უკანასკნელს დებიუტიც ჰქონდა. გიორგი ფამაგუსტელებს 1-წლიანი იჯარით რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

ანორთოსისში გიორგი ქვილითაიას დებიუტი შედგა

მე-19 წუთზე ანორთოსისი ოქრიაშვილმა დააწინაურა, რომელმაც მეკარის მოგერიებულს დაამატა. საგოლე კომბინაციაში ქვილითაიაც მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში ოქრიაშვილს მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია და უკვე 4 თამაშში 3 გოლი დაუგროვდა (პლუს 1 გოლი საქართველოს ნაკრებში). ქართველი ფეხბურთელი ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას ნეა სალამინას ჩეხ ფეხბურთელ ტომაშ ვაგნერთან ერთად ლიდერობს.

ანორთოსისისთვის ეს პირველი წაგება იყო და სატურნირო ცხრილში პოზიციები მნიშვნელოვნად დათმო - 7 ქულით მე-6 პოზიციაზეა. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, ეთნიკოსს სტუმრად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები