Thumbnail
  • ჩელსი 0:2 ლივერპული
  • სადიო მანემ 2-ჯერ გაიტანა, 'წითლებმა' სეზონში მეორედ მოიგეს
  • ლივერპულში ტიაგო ალკანტარას დებიუტი შედგა

ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურის ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში შედგა, სადაც ფრენკ ლამპარდის ჩელსიმ იურგენ კლოპის ლივერპულს უმასპინძლა. შეხვედრამ სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და "წითლებმა" მორიგი 3 ქულა საკმაოდ იოლად მოიპოვეს.

მოედანზე ბრძოლა მხოლოდ პირველი ტაიმში იყო, როდესაც გუნდებმა საგოლე მომენტების შექმნა თითქმის ვერ მოახერხეს. გარდამტეხი 45-ე წუთი გამოდგა. ანდრეას კრისტენსენმა სადიო მანეს წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა დანიელს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-თან გადამოწმების შემდეგ სავსებით სამართლიანად ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და ჩელსი კაცნაკლული დარჩა.

ჟორჟინიომ პრემიერლიგაში პენალტი პირველად ვერ გაიტანა

შედეგად, მე-2 ტაიმში იურგენ კლოპის გუნდის შეჩერება მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს, მთავარი ფიგურა ისევ სადიო მანე იყო, რომელმაც 50-ე და 54-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. სენეგალელმა ჯერ რობერტო ფირმინოს გადაცემით თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი კეპა არისაბალაგას სულელური შეცდომით ისარგებლა, ესპანელს პასი ჩაუჭრა და ადვილად გაიტანა.

ლონდონელებს მაინც ჰქონდათ გაბრძოლების შანსი. ლივერპულელთა დებიუტანტმა ტიაგო ალკანტარამ საჯარიმოში ტიმო ვერნერი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ჟორჟინიომ შეასრულა, მაგრამ ალისონმა არ გაატანინა. ლივერპულმა 2:0 მოიგო და 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ხოლო ჩელსის ანგარიშზე 3 ქულაა. მომდევნო ტურში ლივერპული 28 სექტემბერს არსენალს უმასპინძლებს, ჩელსი კი 26 სექტემბერს, ვესტ ბრომვიჩს სტუმრად დაუპირისპირდება.

ჩელსი 0:2 ლივერპული

გოლები: 0:1 მანე (50), 0:2 მანე (54)

აქვე გეტყვით, რომ დღეს ლონდონის ტოტენჰემმა სტუმრად საუთჰემპტონს 5:2 მოუგო. პოკერი შეასრულა ჰონ-მინ სონმა, რომელსაც ოთხივე საგოლე პასი ჰარი კეინმა გაუკეთა. პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა, როდესაც ფეხბურთელმა პოკერი ისე შეასრულა, რომ საგოლე პასები მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა გაუკეთა.

📺 ვიდეო: საუთჰემპტონი 2:5 ტოტენჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები