Thumbnail

'უკეთესი ტაქტიკა შეარჩია' - იაპონელი ტოჩინოშინთან მარცხმა გაამწარა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-4 გამარჯვება ერთ-ერთ ლიდერ ტაკაკეიშოსთან იზეიმა, რამაც იაპონელი ოძეკი ძლიერ გააბრაზა. ეს გასაკვირი არაა, რადგანაც იოკოძუნების არყოფნაში ყველა გამარჯვებას უდიდესი ფასი აქვს, ქართველ სეკიტორთან წაგება კი ტაკაკეიშოს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. მისი კომენტარი ასეთი გახლდათ.

“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ყველა ბრძოლაზე მოსაგებად გავდივარ და ახლაც ასე იყო, თუმცა, ტოჩინოშინმა ჭკუით მაჯობა, უკეთესი ტაქტიკა შეარჩია. შედეგად, მიწაზე აღმოვჩნდი, მიწიდან კი შეხვედრის მოგება შეუძლებელია”.

ტაკაკეიშო ქართველთან შერკინებისას დოჰიოზე დაეცა

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა იაპონელ სუმოისტს მოხერხებულობით აჯობა: სასტარტო შეჯახებისას ტაჩიაი-ჰენკა გამოიყენა (გვერდზე გაიწია), ტაკაკეიშომ კი წონასწორობა დაკარგა და ლევანს მისი დოჰიოსკენ გაშვება აღარ გასჭირვებია. შედეგად, ტოჩინოშინს ნაკაბის (ბაშოს შუალედური დღე) თავზე თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) და ეს იმედს გვიტოვებს, რომ ზედიზედ მე-2 ტურნირის კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსი) დასრულებას მოახერხებს.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი ასანოიამა იქნება, რომელსაც აქტივში 5 გამარჯვება აქვს. ქართველი სეკიტორი 26 წლის იაპონელს კარიერაში 5-ჯერ შეხვედრია და მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები