Thumbnail
  • ქართველმა მეკარემ ალმერიას მაისური 'ვანდა მეტროპოლიტანოზე' მოირგო
  • 30 წლის გიორგი მაკარიძეს ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაუტანა

30 წლის ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მაკარიძემ ესპანურ ალმერიაში გადასვლის შემდეგ, ახალი კლუბის მაისური პირველ მატჩში მოირგი და ეს, მყის მადრიდულ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ატლეტიკოს წინააღმდეგ მოხდა.

ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში გუნდებმა არატრადიციული ფორმატით ითამაშეს: ორი 60-წუთიანი მატჩი 30-წუთიანი ტაიმებით. საგულისხმოა, რომ მაკარიძე პირველი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული დებიუტიც ჰქონდა, რადგანაც 60 წუთის განმავლობაში მრისხანე მეტოქისგან მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. თამაში 1:1 დასრულდა, მე-2 შეხვედრაში კი ატლეტიკომ 3:0 მოიგო.

ქართველი მეკარის გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მადრიდელებს მინდორზე ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი ჰყავდათ, მათ შორის დიეგი კოშტა, ჟოაო ფელიქსი და ალვარო მორატა. მაკარიძის კარი სწორედ ამ უკანასკნელმა დალაშქრა, მოგვიანებით კი თავისი გოლი კოშტამაც შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სეზონი უკვე დაწყებულია, თუმცა, მასში არც ატლეტიკო ჩაბმულა და არც – ალმერია. დიეგო სიმეონეს გუნდი სასტარტო მატჩს მხოლოდ 27 სექტემბერს ჩაატარებს გრანადასთან, ალმერია კი, როგორც მოგეხსენებათ, სეგუნდა დივიზიონში ირიცხება და 27-შივე ლუგოსთან სტუმრობა ელის.

მაკარიძემ ესპანურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი დაახლოებით 1 კვირის წინ გააფორმა. ის ბოლოს პორტუგალიაში სეტუბალის კარს იცავდა და ამ პერიოდში ჯამში 48 თამაში ჩაატარა, მანამდე კი, ლე მანში, დოქსაში, ფეირენსეში, მორეირენსესა და რიუ ავეშიც უთამაშია. გიორგის საქართველოს ნაკრებში 2007 წლიდან 14 შეხვედრაში აქვს გამართული. ალმერიას რაც შეეხება, გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში მე-4 ადგილი დაიკავა, მაგრამ ლა ლიგაში ვერ გადავიდა, რადგან პლეი ოფში ჟირონასთან მარცხი განიცადა.

კომენტარები

ბოლო ამბები