Thumbnail

იქნებ, ჰამბურგში მაინც - ბასილაშვილს მისთვის იღბლიანი ტურნირი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი ნავსის გატეხვას გერმანიაში ეცდება
  • ნიკოლოზს ზედიზედ 6 მატჩი სეტისმოუგებლად აქვს წაგებული

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფება და ეცდება, ხანგრძლივი წარუმატებელი სერია HAMBURG EUROPEAN OPEN-ზე მაინც შეწყვიტოს.

უკვე ცნობილია, რომ ბასილაშვილი ტურნირში ხვალ ჩაებმება, მისი პირველი მეტოქე კი მე-4 ნომრად განთესილი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, ამდენად, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნიკას წილისყრისას არ გაუმართლა.

ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში უკვე 32-ე ადგილზე იმყოფება, 32 წლის ესპანელ ჩოგბურთელს (მე-10 პოზიცია) კარიერაში მესამედ ეთამაშება და ამ დროისთვის უარყოფითი ბალანსი აქვს. 2015 და 2017 წლებში, ნიკოლოზმა რობერტოსთან უიმბლდონსა და მონტე კარლოს მასტერსზე, შესაბამისად, 6:7 (4:7), 0:6, 1:6 და 6:1, 3:6, 5:7 წააგო, რევანშის აღება კი გასულ წელს დუბაიში მოახერხა, როდესაც მეტოქეს 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია.

თუკი ბასილაშვილმა ბაუტისტა აგუტს ამჯერადაც აჯობა, მერვედფინალში უფრო იოლი მეტოქე ელის, რადგანაც იაპონელ იოშიტო ნიშიოკასა და გერმანელ დომინიკ კოეპფერს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ 2-ჯერ აქვს მოგებული

საინტერესოა, რომ ჰამბურგის პირველობა ქართველი ჩოგბურთელისთვის იღბლიანი ტურნირია, რადგანაც ის ზედიზედ 2-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წელს ნიკამ ასპარეზობა ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც გერმანელი ტობიას კამკე (7:5, 6:2) და ავსტრიელი იურგენ მელცერი (6:4, 4:6, 7:5) დაამარცხა. ძირითად ბადეში ბასილაშვილმა მოუგო გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს – 7:5, 1:6, 6:4, ურუგვაელ პაბლო კუევასს – 7:6 (8:6), 6:4, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას – 7:6 (7:3), 6:4, ჩილელ ნიკოლას ხარისა 7:5, 0:6, 6:1 და არგენტინელ ლეონარდო მაიერს – 6:4, 0:6, 7:5.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა არანაკლებ რთული გზა გაიარა გასულ წელსაც, როდესაც გზიდან ჩამოიცილა ბოლივიელი უგო დელიენი – 6:4, 6:3, არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო – 6:4, 3:6, 6:3, ფრანგი ჟერემი შარდი – 6:2, 6:3, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი – 4:6, 6:4, 7:6 (7:5) და რუსი ანდრეი რუბლიოვი – 7:5, 4:6, 6:3.

უდავოა, რომ ბასილაშვილს ამჯერად მსგავსი წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგანაც პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი აქვს წაგებული და თანაც, ამ შეხვედრებში სეტიც კი არ მოუგია. ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ნიკოლოზი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ჯონ მილმანთან (ავსტრალია, 1:6, 4:6, 4:6), ფედერიკო დელბონისთან (არგენტინა, 5:7, 3:6) და ლორენცო სონეგოსთან – (იტალია, 3:6, 1:6).

კომენტარები

ბოლო ამბები