Thumbnail
  • ევერტონი 5:2 ვესტ ბრომვიჩი
  • ხამეს როდრიგესმა ინგლისში პირველი გოლი გაიტანა
  • დომინიკ კალვერტ-ლიუინმა ჰეთთრიკი შეასრულა

პირველ ტურში, ტოტენჰემთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ევერტონმა მეორე ტურშიც მოიგო და 6 ქულით პრემიერლიგის ლიდერებშია!

კარლო ანჩელოტის გუნდი მე-10 წუთიდან აგებდა და სლავენ ბილიჩის შეგირდები უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ 31-ე წუთზე არაფრისგან გოლი მიიღეს - დომინიკ კალვერტ-ლიუინმა გაათანაბრა. მართალია, ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეფექტური გოლის წინ ბურთი მეტოქისგან მიუვიდა. შესაბამისად, გოლიც ჩაითვალა.

პირველი ტაიმის მიწურულს დიდი ამბები დატრიალდა: ჯერ ხამეს როდრიგესმა ევერტონი საკმაოდ ეფექტური გოლით დააწინაურა, მერე კი, კირან გიბსმა წითელი ბარათი მიიღო - ხამესისთვის სახეში ჩარტყმისთვის. ამის შემდეგ მსაჯმა წითელი ბარათი ვესტ ბრომვიჩის ხორვატ მწვრთნელსაც უჩვენა.

დომინიკ კალვერტ-ლიუინს 2 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს (პერეირა), მაგრამ ამის შემდეგ ანჩელოტის გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა და შედეგიც მიიღო. მაიკლ კინისა და კალვერტ-ლიუინის კიდევ ორი გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. ჰეთთრიკის ავტორს ორი ტურის შემდეგ უკვე 4 გოლი აქვს გატანილი!

ორი ტურის შემდეგ ევერტონს 6 ქულა აქვს და ეს იდეალური სტარტია, სლავენ ბილიჩის გუნდს კი ორივე თამაში წაგებული აქვს და ჯამში 8 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები