Thumbnail

ცნობილი ქართველი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, ლევან ბერძენიშვილის პოპსპორტისთვის მიცემულ ინტერვიუს, რუსულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო. ბერძენიშვილმა თბილისის ლოკომოტივის მოსკოვის დინამოსთან გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთგვარი რევანშია რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორების აღიარებისა და მცოცავი ანექსიისთვის. 

📹 Silk Sport

ინტერვიუდან ამონარიდი პრაქტიკულად ყველა ცნობილმა რუსულმა სპორტულმა გვერდმა გამოაქვეყნა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა კი მასზე კომენტარიც გააკეთა:

"ასეთი გამონათქვამები მოსალოდნელი იყო. ჩვენ დიდი ხანია არ შევხვედრივართ ქართულ კლუბებს, რადგან უეფა გათამაშებების ბადეში ჩვენს განთესვას პოლიტიკური მოტივებით ახდენდა. 

მატჩი დარღვევების გარეშე ჩატარდა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების გამონათქვამები სავსებით მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, დინამოს მთავარ მწვრთნელს, თამაშთან დაკავშირებული მითითებების მიცემის გარდა, ფეხბურთელებისთვის ამ დაპირისპირების პოლიტიკური მნიშვნელობაც უნდა აეხსნა. 

სხვა მხრივ კი, დინამოს ფეხბურთელების ნახევარი უცხოელია, რომლებმაც საქართველო რუკაზე მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მატჩზე ჩაფრინდნენ.
 
თბილისის ლოკომოტივის გამარჯვება საქართველოში აღიქმება, როგორც რუსეთზე გამარჯვება. ახლა ისინი ამას ყოველ კუთხეში გაჰყვირიან. არსებობს იგავ-არაკი "სპილო და ფინია". ილაპარაკონ, რაც სურთ, ჩვენ კი ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებთ. 

დიახ, ფეხბურთში მარცხი უსიამოვნოა და საფიქრელია რუსული ფეხბურთის განვითარებაზე, მაგრამ ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რუსი და ქართველი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა. შეხედეთ, რამდენი ქართველი ცხოვრობს ახლა რუსეთში. ერთმანეთთან ყველას კარგი ურთიერთობა აქვს. არის რამდენიმე შერეკილი, რომლებიც ამაზე იყვირებენ, მაგრამ მათ უბრალოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ", - უთხრა ლებედევმა championat-ის კორესპონდენტს. 

თბილისური მატჩის წინ მოსკოვის დინამო ფავორიტად იყო მიჩნეული

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფავორიტად შერაცხული მოსკოვის დინამო ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქე ესპანური გრანადა იქბნება. ესპანეთში შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები