Thumbnail

'სამწუხაროა, რომ ისევ მენტალური დარტყმა მიიღო' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ჩაკვეტაძის დიაგნოზი ცნობილია
  • 21 წლის ქართველის შესახებ გენტის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე გასვლას, სავარაუდოდ, 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. Voetbalnieuws წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის დიაგნოზი ცნობილია - ძვლის შეშუპება და მყესის არეში სისხლჩაქცევა აქვს.

ამ მიზეზით ჩაკვეტაძე გენტს ჩემპიონთ ლიგის პლეი ოფში კიევის დინამოს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაგრძელდება და ამ დროში ქართველი სათამაშოდ მზად იქნება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ გენტის მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმაც ისაუბრა, რომლის სიტყვები ბელგიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"სამწუხარო ის არის, რომ ახლა გიორგი რამდენიმე კვირით დაგვაკლდება. ის აჩვენებდა თავისი კლასის აფეთქებას და თქვენ ისევ დაინახეთ მისი ტიპური აჩქარება. ის სწორ გზაზე იყო და საწყენია, რომ ახლა ისევ ასეთი მენტალური დარტყმა მიიღო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო დონეზე დაბრუნდება, როდესაც გამოჯანმრთელდება", - განაცხადა 38 წლის სპეციალისტმა.

ჩაკვეტაძე მცველმა წააქცა, მაგრამ დაზიანება მეკარესთან შეჯახებისას მიიღო

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო ვენის რაპიდთან მატჩის 57-ე წუთზე. ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალამდე, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება, ზუსტად 20 დღეა დარჩენილი და ამ მომენტისთვის დაზუსტებით იმის თქმა, რომ ჩაკვეტაძე ამ მატჩში ითამაშებს თუ არა, ძალიან რთულია.

კომენტარები

ბოლო ამბები