Thumbnail

რამდენად ადეკვატურია, როდესაც ქართველი სპორტსმენის მიერ რუსი მეტოქის დამარცხება ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ბუნებრივია თუ არა, სპორტში ამ ქვეყნის წარმომადგენლებისადმი ჩვენი ნეგატიური განწყობა? თბილისის ლოკომოტივის მიერ მოსკოვის დინამოსთან მოპოვებული გამარჯვების ამ ჭრილში შეფასება ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ. 

📹 Silk Sport

POPSPORT: რამდენად ადეკვატურია ჩვენი განსაკუთრებული ემოცია, როდესაც სპორტის ნებისმიერ სახეობაში რუსებს ვამარცხებთ?

ლევან ბერძენიშვილი: არ დავმალოთ, რომ გვიხარია და ნამდვილად გვიხარია! ეს არის ერთგვარი რევანში ყველაფრისთვის: მცოცავი ანექსიისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ჩვენი უკანასკნელი დამპყრობელია, ამიტომ ეს ემოცია არ მიკვირს.

ანალოგიური დამოკიდებულების ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც, ინდოელების, რომლებიც ინგლისელების დამარცხებით ასევე ბედნიერნი არიან ხოლმე. ამგვარ დამოკიდებულებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ და მგონი, ეს ნორმალურია. გუშინდელი გამარჯვება კი განსაკუთრებულია, რადგანაც გაგვეხარდა არა მარტო იმის გამო, რომ რუსეთს მოვუგეთ, არამედ იმის გამოც, რომ ლოკომოტივით მოვუგეთ და არა დინამო თბილისით, რომელსაც რუსული გუნდები არაერთხელ ჰყავს დამარცხებული.

სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა - ეს თეზისი მცდარია!

გაგვეხარდა კიდევ იმის გამო, რომ შინაური კედლებით და პატრიოტიზმით ვაჯობეთ. ობიექტურად, დინამო მოსკოვი ლოკომოტივზე ძლიერია და ისეთი რამ, როგორიც გუშინ მოხდა, სპორტის დიდი სახეობებიდან მხოლოდ ფეხბურთში შეიძლება მოხდეს. თბილისურმა კლუბმა მოსკოვურს დამაჯერებლად სძლია და ეს თუნდაც იმით მტკიცდება, რომ მეტოქემ პრეტენზიაც კი ვერ გამოთქვა. ერთი, რაც დაიწუნეს, მინდორი იყო, მაგრამ მეტი სათქმელი არაფერი დარჩათ. სტუმრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პირველ ნომრად თამაშობდა და გოლები კონტრშეტევების გამო გაუშვა, თითქოს, კონტრშეტევებზე მიღწეული გამარჯვება დამაკნინებელი იყოს.

ვფიქრობ, რომ გუშინდელი გამარჯვება ჩვენ სწორად გაგვეხარდა. ეს არის ის სიხარული, რომელიც დაფუძნებულია მათთან ერთად, ერთ ქვეყანაში, 70-წლიან თანაცხოვრებაზე, რომლის დროსაც ცუდად გვექცეოდნენ. მთლიანობაში კი, ორი საუკუნის განმავლობაში გვატყუებდნენ... ახლა რუსეთი მეზობელია - ყველაზე ცუდი მეზობელი და ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომხდარზე პოლიტიკას ზეგავლენა აქვს.

სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა - ეს თეზისი მცდარია! რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, ამიტომ სიხარული პატრიოტულიც იყო და სპორტულიც. პატრიოტიზმის და თავდადების გარეშე, როგორ შეიძლება მოუგო გუნდს, რომელიც შენზე მაღლა დგას?! როდესაც ხედავ ადამიანს, რომელიც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში შეუძლია, რა თქმა უნდა, ეს იწვევს დიდ პატივისცემას და როდესაც შედეგად ეს ადამიანი წარმატებას აღწევს, ეს უდიდესი სიხარულის საფუძველი ხდება.

რუსეთში ჰგონიათ, რომ თუ თბილისურ გუნდს მოუგებენ, ამით საქართველოს სსრკ-ში დააბრუნებენ

არის ხალხი, რომელიც ამას ვერასდროს მიხვდება. ერთ ფემინისტს დაუწერია, რა გახარებთო? აბა, იმას როგორ უნდა აუხსნა, რამ გაგვახარა ასე ძალიან. ჩვენთვის ფეხბურთი მთავარი სპორტია. სამწუხაროდ, ამ პერიოდში წარმატება არსად გვაქვს. ეკონომიკა ცუდ დღეშია, კორონამაც შემოგვიტია და ასეთ დროს, როდესაც ლოკომოტივი მოუგებს მოსკოვის დინამოს, რომელიც ობიექტურად უფრო მაღლა დგას, გასახარია. 

მოსკოვის დინამომ მოგება იმის გამო ვერ შეძლო, რომ დააკლდა ის, რაც უხვად ქონდა თბილისურ გუნდს - ეროვნული ენერგია. რაღაც კონკრეტულ მომენტებში, ამ ენერგიის აკუმულირება ხდება ხოლმე და ამ დროს ბურთიც სწორად იქცევა. არ ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ ბრაზილიელები ასეთ დროს ამბობენ - ღმერთი ბრაზილიელი იყოო. გუშინ ღმერთი ქართველი იყო!

POPSPORT: აუცილებლად გადაავლებდით თვალს რუსულ სპორტულ და არასპორტულ ვებ გვერდებს. ალბათ, სასიამოვნო იყო იმის წაკითხვა, თუ როგორ დაწყდათ გული ჩვენს მეზობლებს გუშინდელი მარცხის გამო.

ბერძენიშვილი: ვფიქრობ, რომ მათ გუშინდელი თამაშის მოგების ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ და ამ იმედს ისინი თავისი შეხედულებებით ამყარებენ. ჰგონიათ, რომ თუ თბილისურ გუნდს მოუგებენ, ამით საქართველოს სსრკ-ში დააბრუნებენ. ყოფილი სოცბანაკის ქვეყნებისადმი მათ ამგვარი "თბილი გრძნობები" აქვთ და ამ დამოკიდებულებას ჩვენ კი არა, ერთმანეთს ვერ უხსნიან.

არ ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ გუშინ ღმერთი ქართველი იყო!

ძალიან მომეწონა ვასილ უტკინის მწარე ნათქვამი, თავის გუნდს უკბინა, რა თქმა უნდა. ამ საკითხში ჩვენ რუსებს ვგავართ. არ ვგავართ ინგლისელებს, რომლებიც მარცხის შემდეგ საყვარელ გუნდს უმღერიან, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ბრაზილიელებსაც ვგავართ. წარუმატებლობის შემთხვევაში, იქაც მომენტალურად იწყებენ გინებას და ტალახის სროლას, მაგრამ რუსებმა მგონი გადაგვაჭარბეს. მაგალითად, ერთი ასეთი შეფასება იყო: "იმას, რაც მოხდა, სჯობდა გაეხადათ და ისე დანებებულიყვნენ".

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა. თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქე ესპანური გრანადა იქბნება. ესპანეთში შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება

კომენტარები

ბოლო ამბები