Thumbnail

0:6, 0:6 - ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის სამარცხვინო მარცხი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვიკტორია აზარენკა 6:0, 6:0 სოფია კენინი
  • ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბელარუს მეტოქესთან გეიმის აღებაც კი ვერ მოახერხა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ ამერიკელ სოფია კენინს მოუგო და ეს მატჩი განსაკუთრებულ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, რომ არა ერთი ფაქტი. საქმე ის გახლავთ, რომ აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონს 6:0, 6:0 (!) სძლია.

თამაში ზუსტად 1 საათსა და 1 წუთს გაგრძელდა და საოცარი სტატისტიკა ჰქონდა. ვიკამ პირველ სეტში მხოლოდ 1 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მთლიანად მატჩში კი – 4. ამ ფონზე, სოფიას 22 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა. 

აზარენკამ TOP 10-ის წარმომადგენელ მეტოქეს “მშრალზე” კარიერაში პირველად აჯობა, თუმცა კი, ამ დონეზე სეტში 6:0 უკვე 9-ჯერ ჰქონდა მოგებული. ბოლოს ეს 2015 წელს ცინცინატის მასტერსზე მოხდა, სადაც მან დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი 6:0, 6:4 დაამარცხა.

“არის დღეები, როდესაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია და ამჯერად, სწორედ ასეთი დღე იყო. ვიკა, წარმატებები! შენ შესანიშნავად თამაშობ”, - დაწერა კენინმა სოციალურ ქსელში, თუმცა, ეს ვერაფერი თავის გამართლება იყო და სოფიამ ჩოგბურთის ფანების დიდი კრიტიკაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა წლევანდელი "აუსტრალიან ოუფენი" სენსაციურად მოიგო. მან მელბურნის კორტებზე ტრევიზანს (იტალია), ლის (აშშ), ჟანგს (ჩინეთი), გაუფს (აშშ), ჟაბერს (ტუნისი), ბარტისა (ავსტრალია) და მუგურუზას (ესპანეთი) სძლია და დიდი სლემის ტურნირზე კარიერაში პირველად იმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები