Thumbnail

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამოს ანგარიშით 2:1 მოუგო. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი თბილისელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

19 წლის კიპერი ლოკომოტივს მიმდინარე წლის დასაწყისში, იჯარით დინამო თბილისიდან შეუერთდა. მან თავი გასულ სეზონში რუსთავში კარგი თამაშით გამოიჩინა და ევროპალიგის მატჩებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს გიორგის სახით ნიჭიერი მეკარე ეზრდება.

📹 Silk Sport

POPSPORT გიორგის დაუკავშირდა და მოსკოვის დინამოსთან მატჩის შესახებ ესაუბა.

POPSPORT: როგორი იყო ემოცია და ახლა რას გრძნობთ, როცა გაანალიზეთ, რა შეძელით?

გიორგი მამარდაშვილი: მთელი გუნდი ისე ვიყავით თამაშში ჩართული, რომ რაღაც მომენტში ვერც გავიაზრეთ, რა მოხდა და რა გავაკეთეთ! ისტორიული გამარჯვება იყო საქართველოსთვის, პირადად ჩემთვის კი დიდი გამოცდილებაა ასეთ დონეზე თამაში!

POPSPORT: მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანე გამარჯვებაში. საკუთარ თამაშზე რას იტყვი?

მამარდაშვილი: ჩემს თამაშს რაც შეეხება, ნორმალური თამაში ჩავატარე, მაგრამ იყო მცირე შეცდომებიც... საკუთარ თავზე მეტს ვერ ვისაუბრებ.

POPSPORT: რის ხარჯზე მოახერხა ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს დამარცხება?

მამარდაშვილი: მოსკოვის დინამო გუნდურობით, ერთიანობით და თავგანწირვით დავამარცხეთ! ჩვენთვის ასეთ გუნდთან თამაში დიდი მოტივაცია იყო.

POPSPORT: რას ნიშნავს ეს გამარჯვება შენთვის და ზოგადად, საქართველოსთვის?

მამარდაშვილი: ჩემთვის ეს გამარჯვება დიდი გამოცდილება იყო და საქართველოსთვის კიდევ ერთი პატარა ისტორიაა...

POPSPORT: წინ კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა - გრანადა. რა შეგიძლია თქვა ამ მატჩამდე?

მამარდაშვილი: გრანადას რაც შეეხება, ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და როგორც ამ თამაშებზე, ისე გრანადასთანაც, ორმაგი მოტივაციით გავალთ სათამაშოდ.

POPSPORT: რა არის ლოკომოტივის ამ წარმატების საიდუმლო?

მამარდაშვილი: ლოკომოტივის წარმატებას საიდუმლო არ აქვს, ჩვენ ჩვენი ერთიანობით და გუნდურობით მივაღწიეთ ამ ყველაფერს!

POPSPORT: როგორია შენი სამომავლო გეგმები, ვინ არის მისაბაძი მეკარე და სად გინდა, რომ მომავალში ითამაშო?

მამარდაშვილი: ჯერჯერობით, ლოკომოტივში იჯარით ვარ და თბილისის დინამოსთან კონტრაქტი მაკავშირებს. ასე რომ, ამ ეტაპზე სამომავლო გეგმები ჩამოყალიბებული არ მაქვს. ჩემთვის საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერია და მიზანი მაქვს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ვითამაშო.

კომენტარები

ბოლო ამბები