Thumbnail

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი მამია გავაშელიშვილია, რომელიც მოედანზე შეცვალზე გამოჩნდა და მოსკოველთა კარში მეორე, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი გოლი გაიტანა.

მამიას 2018 წელს სიმსივნე დაუდგინდა და 9 თვის განმავლობაში ამ დაავადებას ებრძოდა. ცხადია, მისი საფეხბურთო კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ გავაშელიშვილი არ დანებდა და ახლა ყველაფერი იდეალურადაა - საყვარელ საქმეს აკეთებს და გოლებს ძველებურად იტანს.

პოპსპორტი თბილისის ლოკომოტივის 25 წლის თავდამსხმელს დაუკავშირდა. 

📹 Silk Sport

POPSPORT: პირველ რიგში, რას გრძნობთ ახლა, როდესაც თამაშიდან რამდენიმე საათი გავიდა. როგორ შეაფასებ მატჩს?

მამია გავაშელიშვილი: ახლაც ემოციებში ვარ, მთელი ღამე არ მეძინა. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს თამაში მოვიგეთ. ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ვფიქრობ, მეტოქემ მომენტები ვერ გამოიყენა, ჩვენ კი 100%-ით ჩვენი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ძალიან რთული მეტოქე იყო, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ვსწავლობდით მის თამაშს. ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო შტაბმა კარგად დაგეგმა თამაში და ამან შედეგიც გამოიღო.

POPSPORT: რას იტყვი ამ თამაშში გამარჯვების მნიშვნელობაზე?

გავაშელიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. როდესაც გავიგეთ, რომ მოსკოვის დინამოს შევხვდებოდით, ფიქრიც არ ყოფილა საჭირო, თუ რა მნიშვნელობის თამაში გველოდა წინ, ვიცოდით, როგორი მოტივაცია უნდა გვქონოდა და ჩემი აზრით, მომავალში ეს გამარჯვება ძალიან წაგვადგება.

მამია გავაშელიშვილის გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა

POPSPORT: გოლის ეპიზოდი რომ გაიხსენო და ის ემოცია, რომელიც იმ წამს დაგეუფლა...

გავაშელიშვილი: ახლაც დიდ ემოციებში ვარ. არ მჯეროდა, რომ გოლი გავიტანე. რაც უფრო მეტს ვთამაშობ, მით უფრო ვიბრუნებ ძველ ფორმას. მადლობა გიორგი ჭიაბრიშვილს, რომ მენდობა და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეროვნულ ლიგაში შევძელი აქამდე გოლების გატანა, მაგრამ ეს სულ სხვა ემოცია იყო და ახლაც ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს შევძელი.

წინა წელს ვერც ვიფიქრებდი, რომ საერთოდ, ევროპალიგაზე ვითამაშებდი და შემდეგ გოლსაც გავიტანდი. ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ მადლობა ჩემს გუნდს, რომ ასე დამიფასეს შრომა. გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, შონიას დარტყმის მომენტში ვფიქრობდი, რომ მეკარე წინ მოიგერიებდა ბურთს და ზუსტად იქ დავხვდი. ვერ აღვწერ, ისეთ ემოციებში ვიყავი...

POPSPORT: მაინც რის ხარჯზე მოახერხა ლოკომოტივმა მასზე ძლიერი მეტოქეების, კრაიოვას და მოსკოვის დინამოს დამარცხება?

გავაშელიშვილი: პანდემიის მერე ძნელად დავიწყეთ სეზონი, თამაშები ვერ მოვიგეთ და ვფიქრობ, რომ ამ ორ მატჩში ისე თამაში ვაჩვენეთ, რასაც მწვრთნელი ითხოვს. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ახალი მწვრთნელი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რასაც სამწვრთნელო შტაბი ითხოვს. მთელი სულით და გულით ჩართული ვიყავით ამ მატჩებში, ვაჩვენეთ ჩვენი სტილი და ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. არ გვითამაშია ისე, რომ მარტო დაცვაში ვყოფილიყავით ან კონტრშეტევაზე გვეთამაშა, პირიქით, ჩვენი ფეხბურთის მაქსიმალურად ჩვენებას ვცდილობდით.

POPSPORT: რას იტყვი მომავალ დაპირისპირებაზე, რომელიც ესპანეთში გრანადასთან გელოდებათ?

გავაშელიშვილი: ძალიან ძლიერი მეტოქეა. რა თქმა უნდა, ფავორიტი გრანადაა, სტუმრად ვთამაშობთ და ეს კიდევ უპირატესობაა მათთვის, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვფიქრობ, ესპანეთში ადვილად არაფერს დავთმობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები