Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 101:106 (0:2) მაიამი ჰიტი
  • ჰიტმა მესამე მეოთხედი 20-ქულიანი სხვაობით მოიგო
  • მატჩის შემდეგ მარკუს სმარტი თანაგუნდელებს ეჩხუბა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მაიამი ჰიტმა მეორე მატჩიც მოუგო ბოსტონ სელტიკსს და სერიაში ანგარიში 2:0 გახადა.

არადა, თავიდან დიდწილად სელტიკსი ფლობდა უპირატესობას და მეორე მეოთხედში სხვაობამ 17 ქულასაც მიაღწია, მაგრამ ჩაგდებულმა მესამე პერიოდმა მატჩის ბედი ჰიტის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაიამიმ მესამე პერიოდი 37:17 მოიგო და ისტორიაში მეორედ შეძლო პლეი ოფის მატჩის მეოთხედის 20 და მეტი ქულით მოგება, ბოსტონისთვის კი ეს სეზონის ანტირეკორდი აღმოჩნდა.  

წაგებამ განსაკუთრებით ბოსტონის გამთამაშებელი მარკუს სმარტი გაანაწყენა, რომელმაც მატჩის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და გასახდელში თანაგუნდელებს ჩხუბი დაიწყო. ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ ოთახიდან სმარტის ღრიალისა და საგნების დაცემის ხმები გამოდიოდა. 

მოგვიანებით ბოსტონის მცველმა ჯეილენ ბრაუნმა გასახდელში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა: 

"ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს იმისთვის, რაც ვართ. მარკუსი ასეთია და ასეთი მიყვარს. მესამე მატჩში თვალებანთებული უნდა გავიდეთ სათამაშოდ. სერიის დასრულებამდე ჯერ შორია და მიუხედავად ყველაფრისა, ვიბრძოლებთ".

მარკუს სმარტი წაგებამ მდგომარეობიდან გამოყვანა 

ნომინალური სტუმრების გამარჯვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი გუნდის სლოვენიელმა გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა შეიტანა, რომელმაც 25 ქულას 3 მოხსნა და 5 პასი დაუმატა. მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი ჰიტის ცენტრს ედრის ადებაიომ მიითვალა - 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი. 

ბოსტონში საუკეთესო შედეგი კი გამთამაშებელ კემბა უოკერს ჰქონდა, რომლის ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია. 

მაიამის წარმატების საიდუმლო ჯიმი ბატლერმა ახსნა: "გვჯერა ერთმანეთის და ვიცით, რა შეგვიძლია. დიახ, ზოგჯერ კარგად ვერ ვიწყებთ თამაშს, მაგრამ თავს დაბლა არასდროს ვხრით. გუნდში თითოეულმა იცის, რომ თუკი სწორად ვიმოქმედებთ, მოგების შანსი აუცილებლად გვექნება".

📺 ბოსტონი V მაიამი

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა ბოსტონსა და მაიამის შორის თბილისის დროით 20 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები