Thumbnail

'როგორ ჩახედავთ თვალებში ძერჟინსკის?' - რუსები გამწარებულები არიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'სირცხვილი, ალბათ, ყველაზე რბილი სიტყვაა, რაც კი შეიძლება ახლა მომაგონდეს'
  • 'თუკი ადრე დინამო თბილისთან წაგება ლამის ბედნიერება იყო, ახლა ეს სირცხვილია'

რუსეთში ბოლო არ უჩანს მოთქმას, რომელიც მოსკოვის დინამოს თბილისში მარცხს მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ქართულმა ლოკომოტივმა რუსულ კლუბს 2:1 სძლია და ევროტურნირებს გამოთიშა, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ძალიან მტკივნეულად აღიქვეს. უკვე მე-2 დღეა დინამოელებს ფეხბურთთან დაკავშირებული ლამის ყველა ადამიანი აკრიტიკებს. ამჯერად, მათ რიცხვს დინამოსა და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი სერგეი კირიაკოვი და ცნობილი რუსი კომენტატორი დმიტრი გუბერნიევი შეუერთდნენ.

📹 Silk Sport

სერგეი კირიაკოვი: “სირცხვილი? მე უფრო რამე უარესს მოვიფიქრებდი. სირცხვილი, ალბათ, ყველაზე რბილი სიტყვაა, რაც კი შეიძლება ახლა მომაგონდეს. ქართულ ფეხბურთს რა პატივსაც არ უნდა ვცემდე, ლოკომოტივი მაინც ჩვენი პირველი ლიგის დონეა. ასეთი განწყობით თამაში, როდესაც უბრალო ბურთები იკარგებოდა, არ შეიძლება. მწვრთნელს ფილიპი პირველ ტაიმშივე უნდა გამოეცვალა, მაგრამ ამისთვის კვერცხები უნდა გქონდეს, ასე კი, გამოვიდა, რომ ფაქტობრივად 10 კაცით ვთამაშობდით. ნახეთ, მას ქართველები რამდენჯერ გაექცნენ? მგონი, ამას ძალით აკეთებდა. ერთხელ ბურთიანი მეტოქე საჯარიმომდე თვითონ მიაცილა”.

დმიტრი გუბერნიევი: “მე საპატიო დინამოელი ვარ და ჩემს მოწმობაზე, ღმერთო დამიფარე და ძერჟინსკის ფოტოა. ცხოვრება გაცილებით უკეთესი ხდება, როდესაც მივდივარ და ფელიქსს თვალებში ვუყურებ. დღეს, მას თვალებში მოსკოვის დინამოს ყველა ფეხბურთელმა უნდა ჩახედოს. სერიოზულად კი, არც ვიცი, რა უნდა ვთქვა. დინამო თითქოს რუსეთის ჩემპიონატში ნორმალურად თამაშობდა და ქართველებთან დაპირისპირებასაც ხომ დამატებითი ემოციები უნდა ჰქონოდა... არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა, თუკი ადრე დინამო თბილისთან წაგება ლამის ბედნიერება იყო, ახლა ეს სირცხვილია. სხვა თუ არაფერი, ეს ლოკომოტივი მათ ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდია... აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის განწყობა, რომლითაც მათ ითამაშეს. ქართულ ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ, ის შესანიშნავია, თუმცა, რაც ჩვენი მხრიდან იყო, საშინელება გახლდათ”.

📋 მეტი ამ თემაზე:

ცნობისთვის, გუბერნიევის მიერ ნახსენები ძერჟინსკი პოლონური წარმოშობის რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე და პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (ჩეკას) ხელმძღვანელი გახლდათ. ეს ორგანო არსებობის პირველივე დღეებიდან მოწოდებული იყო მოსახლეობის ყველა ფენისთვის ეთვალთვალა და გამოევლინა ანტისაბჭოთა ელემენტები, რომლებიც უნდა განადგურებულნიყვნენ. ამ პერიოდში დახვრეტის განაჩენი ათასობით ადამიანს გამოუტანეს. 1923 წელს სწორედ ფელიქსის სახელს უკავშირდება სპორტული საზოგადოება დინამოს დაფუძნება, რომლის მემკვიდრედაც მიიჩნევა დღევანდელი მოსკოვის დინამო.

კომენტარები

ბოლო ამბები