Thumbnail

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის დინამოსთან ისტორიული გამარვების (2:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ყველზე დიდი გამარჯვებაა.

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი)
"დიახ, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა! ვიტყვი, რომ წინა სეზონში ევროტურნირებზე ყველაზე მწარე მარცხი განვიცადე, ახლა კი გამარჯვება. მას შემდეგ ველოდებოდი შანსს, რომ თუნდაც ჩემს თავთან რეაბილიტაცია მომეხდინა. მადლობას ვუხდი ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მაქვს. გულწრფელად, ყოველთვის მთელი გულით ვაკეთებთ საქმეს და მადლობა, რომ ქვეყნისთვის ასეთი სიხარულის მოტანის შანსი მომეცა. ახლა ესპანეთში მივდივართ და სანერვიულო არაფერი გვაქვს, ალბათ ისინი უფრო ინერვიულებენ.

ჯერ ვერც გავერკვიე ამ ემოციებში, რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში... ახლა, ნელ-ნელა რომ ვფიქრობ, სიამაყის გრძნობა მაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხის გახარება მოვახერხეთ. ჩვენ, ჩვენი საქმით პატარა საქმე გავაკეთეთ. მთავარი მაინც ჯგუფში გასვლაა და ალბათ, მომავალში ამასაც გავაკეთებთ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლევან კორღალიძეს, რომელსაც აქ ძალიან კარგად აქვს ნამუშევარი.

გრანადა ლა ლიგის გუნდია, უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ რა უნდა იყოს ცხოვრებაში იმაზე დიდი გამოწვევა, რომ ორ ეტაპს ასე გაივლი და ასეთ გუნდთან სათამაშოდ მივდივართ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს უახლოეს ერთ კვირაში, ამასაც არ ვართ მიჩვეულები. საქართველოს თასზე ჩიხურასთან თამაში გვაქვს, რომელსაც მე ყურადღებას ვაქცევ და შემდეგ ესპანეთში მივფრინავთ. თუმცა, ჯერ მეც ეიფორიაში ვარ, ჩემს თავს ვუყურებ და მგონია, რომ მე არ ვარ.

თუ ევროსარბიელზე გამოდიხარ და იქ თამაშის ამბიცია გაქვს, იმის ხარჯზე არ უნდა ითამაშო, რომ საკუთარ ქვეყანაში ყველა შენ მოგერგოს, ფედერაცია და გუნდები. ჩიხურას არ მივმართავთ, რომ თამაში გადაგვიდონ, ეს ჩვენგან მეტოქის უპატივცემულობა იქნება, რადგან ისინი ამ თამაშისთვის ემზადებიან და ვერ ვეტყვით, რომ ჩვენი ევროტურნირებზე გამოსვლის გამო სხვა დროს ვითამაშოთ. გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ბოლო პერიოდში არ უთამაშიათ და შანსი მათ მიეცემათ, წინა თამაშზეც არ მიგვიმართავს ვინმესთვის თხოვნით... ძალების გადანაწილებას შევძლებთ".

მატჩის მიმოხილვა

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ რუმინული კრაიოვა დაამარცხა და შემდეგ მოსკოვის დინამო. მე-3 ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 24 სექტემბერს ესპანეთში, გრანადას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები