Thumbnail
  • 📅 18 სექტემბერი | ⌚ 22:30 | ⚽ ბაიერნი V შალკე
  • ბაიერნი ფავორიტია, შალკე - ალბათ განწირული
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ისევ მიუნხენის ბაიერნის უკონკურენტო დომინირება თუ რეალურად საინტერესო სეზონი? ვინ მოთვლის, მერამდენედ უნდა დაისვას ეს კითხვა გერმანიის ჩემპიონატის დაწყების წინ. ბუნდესლიგის რიგით 58-ე სეზონი სწორედ რეკორდმაისტერის თამაშით იწყება, რომელიც პირველი ტურის პარასკევის მატჩში გელზენკირხენის შალკეს უმასპინძლებს.

გერმანიაში ახალი სეზონის გულშემატკივრებთან ერთად დაწყებას იმედოვნებდნენ, მაგრამ ბაიერნისა და შალკეს მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება. მიზეზი წინა ღამით გაუარესებული სტატისტიკაა - მიუნხენში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

ბაიერნს პირველ მატჩში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირი კინგსლი კომანი ვერ დაეხმარება. ფრანგ გარემარბს კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და კარანტინშია. “კომანი ჩვენთან ერთად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტესტი უარყოფითია, მაინც 14-დღიან კარანტინშია. არ ვიცი, ეს რამდენად სჭირდება, მაგრამ ამას მე არ ვწყვეტ,” - განაცხადა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა და დასძინა, რომ კომანი ალბათ არც ევროპის სუპერთასის მატჩში იასპარეზებს, რომელიც მომავალ ხუთშაბათს, ბუდაპეშტში გაიმართება (ბაიერნი V სევილია). 

სამაგიეროდ, მწყობრშია დავიდ ალაბა, რომელმაც სრული დატვირთვით ვარჯიში ხუთშაბათს განაახლა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმა მოიშუშა ჯერომ ბოატენგმაც.

ალიანც არენაზე მაყურებლებს ჯერ არ უშვებენ

შალკეს ახალი ფორვარდი გონსალო პასიენსია, დიდი შანსია, პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ. გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი ან 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას აირჩევს, სადაც პორტუგალიელი ცენტრფორვარდი იქნება, ანაც 4-4-2-ს, რომელშიც მას წინა ხაზზე უთი დაეხმარება. მასკარელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მისი თამაში ჯერ მაინც ადრეა.

შალკეს ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ბაიერნი უპირობო ფავორიტია, რაშიც საინტერესო ფაქტები დაგარწმუნებთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ მიუნხენის ბაიერნმა ბოლო 8 სეზონში მხოლოდ ერთხელ ვერ მოიგო ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი (7 მოგება, 1 ფრე). პერიოდში რეკორდმაისტერმა 7-ჯერ მოიგო პირველი ტაიმი და 5-ჯერ 1:0.

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგაში ბოლო 13 შეხვედრა მოგებული აქვს და საერთოდ, გერმანიის ჩემპიონატში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (19 მოგება, 1 ფრე). აქედან 17 მატჩში ბავარიელებმა ანგარიში გახსნეს.

⚽ ბაიერნი წინა სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო საშინაო გუნდი იყო (13 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი) და საშინაო მატჩებში პირველი გოლი მხოლოდ 4-ჯერ გაუშვა. პირველი ტაიმი ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მხოლოდ ორჯერ წააგო.

⚽ 4 სეზონია, შალკეს ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი არ მოუგია (2 ფრე, 2 მარცხი). 

⚽ შალკემ ბუნდესლიგის წინა სეზონი 16-მატჩიანი მოუგებელი სერიით დაასრულა (6 ფრე, 10 მარცხი).

⚽ შალკეს ბუნდესლიგის გასვლით მატჩებში 11-თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს (4 ფრე, 7 მარცხი).

⚽ რობერტ ლევანდოვსკი წინა სეზონში 34 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

⚽ 19 თამაშია, ბაიერნს შალკესგან ერთზე მეტი გოლი არ მიუღია. აქედან, 16 თამაში ბაიერნმა მოიგო და 15 ორი ან მეტბურთიანი სხვაობით.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - სანე, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - რუდი, კაბაკი, სტამბული, ოჩიპკა - შიოპფი, ბენტალები - ჰარიტი, უთი, სერდარი - პასიენსია.

კომენტარები

ბოლო ამბები