Thumbnail

'სუმოში მაჯობა' - ტოჩინოშინის კოტენაგე ყველამ დააფასა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შემოდგომის ბაშოს მე-5 დღეს ყოფილი ოძეკების ბრწყინვალე ორთაბრძოლა ვიხილეთ - ტაკაიასუ, თითქოს, დომინირებდა ტოჩინოშინთან (ლევან გორგაძე) ჭიდაობაში, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა სუმოისტმა ბრწყინვალე კოტენაგე შეასრულა და მოიგო. ეს ილეთი დღეს ერთ-ერთ ჰაილაითად დასახელდა. 

ტოჩინოშინმა sanspo.com-თან საუბარში ეს ორთაბრძოლა შეაფასა. გამარჯვების მიუხედავად, 32 წლის ექსოძეკი კმაყოფილი არ ჩანდა:

ტოჩინოშინი: "სიმაღლეში სხვაობის გამო, დროულად შემოტრიალება ვერ შევძელი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს სუმოში მან მაჯობა, მაგრამ გამარჯვება მე დამრჩა". 

"ბრძოლისას ძირითადად, ტაკაიასუ გამოიყურებოდა უკეთ. შემდეგ კი ყველაფერი ტოჩინოშინის შთაგონებული კოტენაგეთი დასრულდა - იგი ჯანსაღ ფეხს დაეყრდნო და მეტოქე დოჰიოზე დაანარცხა", - წერს იაპონური მედია.

სექტემბრის ბაშოს მესამედი გაილია და ტოჩინოშინს 2-3 ბალანსი აქვს, დასავლეთის მე-4 მაეგაშირას მთავარი მიზანი სუპერტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებაა. ამ შემთხვევაში, ის კიდევ უფრო დაწინაურდება რეიტინგში. ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე შოდაია. სეკივაკესთან ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი 7:9-ს აგებს. აკი ბაშოზე შოდაის 4-1 ბალანსი აქვს და იმპერატორის თასისთვის ბრძოლის ერთ-ერთი პრეტენდენტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები