Thumbnail

2020 წლის 'აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა'-ს ზაფხულის სეზონი დასრულდა. ევროპაბეთის მხარდამჭერით მიმდინარე პროქტის დასკვნით ფაზას თერჯოლამ უმასპინძლა, მანამდე 6 განსხვავებული აქტივობა შესაბამის ლოკაციებზე იყო გადანაწილებული.

თერჯოლაში 20-ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100-ზე მეტმა შშმ პირმა მოიყარა თავი. მათ ძალები ათ სხვადასხვა სპორტულ-კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯეს.

აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა (ბანაკი)

თამაზ მჭედლიშვილი (დომინოს ტურნირში გამარჯვებული)
"მეღვინეობა მახარეს რეკრეაციულ ზონაში ბევრი ღონისძიება გაიმართა, ერთ-ერთში მე და ჩემი მეწყვილე გავხდით გამარჯვებულები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ფონდ პროდემოსს და ევროპაბეთს."

მეღვინეობა მახარეს რეკრეაციულმა ზონამ პროექტის დასკვნით ფაზას, ბანაკს უმასპინძლა. ვეტერანმა თამაზ მჭედლიშვილმა დომინოს ტურნირში ყველას აჯობა, მან ჩემპიონატი წყვილთა თანრიგში, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ ჯარისკაც დავით ნარეშელაშვილთან ერთად მოიგო. დომინოს გარდა ჩატარდა ნარდის აქტივობაც. ტურნირში პირველი ადგილი ჯარისკაცმა სოსო ტურაშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილს ნაომი გოგიბერიძე დასჯერდა.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედია კავშირის თავმჯდომარე)
"წელს ბანაკი გაცილებით საინტერესო გამოვიდა ვიდრე გასულ წლებში. უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა. გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც საინტერესო და აზარტული გამოვიდა. სპონსორების არაჩვეულებრივი პრიზები გვქონდა, რომლებიც ყველა მონაწილეს შეხვდა."

შეჯიბრებები ნარდში, დომინოში, მშვილდოსნობაში, მკლავჭიდში, პარალიმპიურ სპორტის სახეობა ბოჩაში, მჯდომარე ფრენბურთში, ჯომარდობაში, პეინტბოლში, საბრძოლო ფარიკაობასა და კულინარიაში გაიმართა.

ყველა აქტივობა სპორტული ფედერაციებისა და პროფესიონალი მსაჯების ჩართულობით ჩატარდა, აქტივობები ტრადიციულად აზარტულად წარიმართა. პროექტის ფარგლებში პირველად ჩატარდა საბრძოლო ფარიკაობა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველი ადგილისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, როგორც ამპუტანტი, ასევე ეტლით მოსარგებლეებიც. პირველი ადგილი არავის დაუთმო გელა ხელაძემ, მეორე ადგილი კი პარაჩოგბურთელმა გიორგი ბერძენიშვილმა დაიკავა.

გუნდური პრინციპითა და ოლიმპიური სისტემით გაიმართა პეინტბოლის ტურნირი. ფინალში ერთმანეთს "მგლებისა" და "უკვდავების" გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება 2008 წლის ომის გმირის, ბესო გოგობერიშვილის გუნდმა "მგლებმა" მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში: გუგა ჩიმახიძე, მალხაზ თოფურია, დავით ნარეშელაშვილი და გელა ხელაძე იყვნენ.

გუგა ჩიმახიძე (პეინტბოლის შეჯიბრის გამარჯვებული)
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სპონსორებს - ევროპაბეთს, პროდემოს და სოკარს თანადგომისთვის, ასეთი საჩუქრების გადმოცემისთვის. მოხარული ვიქნები, თუ მსგავს პროექტებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას."

პეინტბოლის მსგავსად, კულინარიული დუელიც გუნდური პრინციპით წარიმართა. მონაწილეებმა საინტერესო შინაარსის მქონე კერძები შექმნეს, ძირითადად ჭარბობდა ომის თემატიკაზე დამზადებული კერძები. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება იმ გუნდს ერგო, რომლის კერძიც გაფორმებითაც და შინაარსობრივადაც ყველაზე კარგი იყო. 

მკლავჭიდის ჩემპიონატი სხვადასხვა წონებსა და მკლავში გაიმართა. მძიმე წონაში მარჯვენა მკლავით პირველი ადგილი არავის დაუთმო ვლადიმერ ჭუმბურიძემ, ასევე მძიმე წონაში და მარცხენა მკლავით გამარჯვება იზეიმა ნაომი გოგიბერიძემ. მსუბუქ წონებში იმარჯვეს ლადო შონიამ (მარჯვენა მკლავით) და გუგა ჩიმახიძემ (მარცხენა მკლავით).

ვლადიმერ იმნაძე (ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი)
"პირველ რიგში, მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ქალბატონ ხატიას, იმიტომ, რომ წელს ასეთი ღონისძიებები პირველად არ ტარდება და მან მუდმივი ხასიათი მიიღო. პირველად ვარ ამ ღონისძიებაზე და აღფრთოვანებული დავრჩი."

ათი აქტივობიდან ერთ-ერთი მშვილდოსნობის ტურნირი იყო. მონაწილეებმა ჯერ მშვილდი დატესტეს და რამდენჯერმე სასინჯად ისროლეს. რამდენიმე ეტაპის შემდეგ ტურნირის ფინალიც შედგა, სადაც საუკეთესო შედეგი კახა ბუხრაშვილმა აჩვენა.
 
მჯდომარე ფრენბურთი საქართველოში ნელ-ნელა მყარად იკიდებს ფეხს. სპორტის ამ სახეობაში ომის ვეტერანები აქტიურად ვარჯიშობენ. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში მჯდომარე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი გუნდურად წარიმართა, სადაც პირველი ადგილი და გარდამავალი თასი ვლადიმერ ჭუმბურიძის ხუთეულმა მოიპოვა - ლადო შონიას, გიორგი ჩაფიძის, ვანო კობალაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას შემადგენლობით.

ვლადიმერ ჭუმბურიძე (მჯდომარე ფრენბურთის გამარჯვებული)
"ახალგაზრდული მედია კავშირის თაოსნობით და ევროპაბეთის დახმარებით მშვენიერი ბანაკი მოეწყო. ტარდება მრავალი შეჯიბრება. მშვენიერი საპრიზო ფონდებია გამარჯვებულებისთვის. თუ ევროპაბეთს სხვა კომპანიებიც მიბაძავენ, ძალიან კარგი იქნება."

გოჩა მიქატაძე (მჯდომარე ფრენბურთის მეორე ადგილოსანი)
"ფინალში დავმარცხდით, თუმცა მაინც კარგი პრიზები შეგვხვდა. მივესალმებით ასეთ აქტიურ ცხოვრებას."

ბანაკის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრება პარალიმპიურ სპორტის სახეობაში "ბოჩა". 3-3-კაცით დაკომპლექტებული გუნდის წევრები ცდილობდნენ, საკუთარი წითელი და ლურჯი ბურთები მიეახლოებინათ თეთრ ბურთთან, ხოლო მოწინააღმდეგის - დაეშორებინათ. საუკეთესო შედეგი რევაზ გორგაძის გუნდმა აჩვენა, ლადო შონიასა და სოსო ტურაშვილის შემადგენლობით, რომლებმაც  გამარჯვება მოიპოვეს და თასის მფლობელები გახდნენ.

რევაზ გორგაძე (ბოჩას ტურნირის გამარჯვებული)
"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას ფარგლებში მივიღე ბოჩას ტურნირში მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი ავიღეთ. ძალიან საინტერესო თამაშია. მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს - ევროპაბეთს, პროდემოს და სექტორ 3."

8-დღიანი ეტაპი ბორჯომში ჯომარდობით დასრულდა. ადაპტირებული ნავებით მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში გაეჯიბრნენ. აფხაზეთის ომის ვეტერანის, გოდერძი ზაქარაიას გარდამავალი თასის მფლობელები და ჯომარდობის ჩემპიონატში გამარჯვებულები ვანის მუნიციპალიტეტის ექვსეული გახდა.

ჩამოთვლილი ღონისძიები ევროპაბეთის პროექტის, “პასუხისმგებლიანი თამაშის” აქტივობების სერიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და უკვე მეორე წელია კომპანიის აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ღონისძიებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფონდ "პროდემოსის" და კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს. პროექტის მასპინძელი კი არის ლუდსახარში "ზედაზენი" პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

კომენტარები

ბოლო ამბები