Thumbnail

'ეს ხუმრობა არაა' - ფლოიდ მეივეზერი სენსაციური დაბრუნებისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარული მოკრივე საჩვენებელ ორთაბრძოლას YouTube-ის ვარსკვლავთან ჩაატარებს
  • 43 წლის ფლოიდ მეივეზერს პროფესიულ რინგზე 50-ვე შეხვედრა მოგებული აქვს

მსოფლიო კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი რინგზე სენსაციურ დაბრუნებას გეგმავს, რათა YouTube-ის ვარსკვლავ ლოგან პოლთან საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართოს. ამ მოულოდნელ ინფორმაციას ბლოგერი Keemstar-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, უტყუარი ინფორმაცია გააჩნია, რომ ორთაბრძოლა მალევე შედგება:

“მეივეზერი პოლის წინააღმდეგ უკვე მიმდინარე წელს ჩატარდება! ეს ხუმრობა არაა... ინფორმაცია კრივის ერთ-ერთმა ცნობილმა ინსაიდერმა მომაწოდა”.

43 წლის მეივეზერმა უკანასკნელი პროფესიული შერკინება 2017 წლის აგვისტოში ჩაატარა, როდესაც ტექნიკური ნოკაუტით კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და 50 შეხვედრაში 50 გამარჯვება მოუგროვდა. 2018 წლის დეკემბერში ფლოიდი იაპონელ კიკბოქსიორ ტენშინ ნასუკავას გაეჯიბრა, თუმცა, ამ ბრძოლის შედეგი ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახულა და ასე იქნება YouTube-ერის შემთხვევაშიც.

ცნობისთვის, 25 წლის ლოგანს პროფესიულ რინგზე დებიუტი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბლოგერ KSI-სთან დამარცხდა. მანამდე, ისინი ერთმანეთს სამოყვარულო კრივის წესებით გაეჯირნენ და ის შეხვედრა ფრედ დასრულდა. KSI-სთან წაგების მერე პოლი შერეული ორთაბრძოლებით დაინტერესდა და საშუალო წონაში UFC-ს ჩემპიონობის პრეტენდენტ პაულო კოსტას საწვრთნელ ბანაკშიც გამოჩნდა.

საინტერესოა, რომ მეივეზერისა და მაკგრეგორის ხსენებული შერკინებისთვის 4 მილიონზე მეტი ფასიანი ტრანსლაცია გაიყიდა, ლოგან პოლისა და KSI-ის შეხვედრაზე კი რეალიზაციამ 800 ათასს გადააჭარბა. ამგვარად, უდავოა, რომ მეივეზერისა და პოლის საჩვენებელი ორთაბრძოლა დიდ ფინანსურ სარგებელს მოიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები