Thumbnail
  • 'ეს ნამდვილად არის ის შემადგენლობა, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია'
  • Fadeawayworld-მა განახლებული პეისერსის სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძეც დაასახელა

ამერიკული Fadeawayworld NBA-ში დაგეგმილ სავარაუდო ტრანსფერზე წერს, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, ასახვას გოგა ბითაძის კარიერაზეც ჰპოვებს.

თუკი გარიგება შედგა, ქართველი ცენტრის ინდიანა ჰიუსტონიდან რასელ ვესტბრუკსა და რობერტ კოვინგტონს მიიღებს, ტეხასისკენ კი ლამის მთელი პეისერსი დაიძვრება. როკეტსის მაისურს მალკოლმ ბროგდონი, მაილს ტერნერი, დაგ მაკდერმოტი და ჯერემი ლემბი მოირგებენ, ამას დამატებული კი, ჰიუსტონს 2021 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანიც ერგება.

ცხადია, ამ შეთანხმებაში უმთავრესი ვესტბრუკის ფაქტორი იქნება, რომელიც ოლ სტარის 9-ზის მონაწილე და ყოფილი MVP გახლავთ, გასულ სეზონში კი საშუალოდ 27.2 ქულას, 7.9 მოხსნასა და 7.0 პასს აგროვებდა. სხვა საქმეა, რომ მისი და ჯეიმს ჰარდენის დუეტმა როკეტსში იმ შედეგებს ვერ მიაღწია, რომელსაც ელოდნენ. ჰიუსტონმა მიმდინარე პლეი ოფში ოკლაჰომა სიტის კი აჯობა, თუმცა, მეოთხედფინალში ლეიკერსთან უშანსოდ წააგო – 1:4.

ინდიანასა და ჰიუსტონს შორის გარიგებას სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება

თავისი პრობლემები აქვს ინდიანასაც, რომელიც ზედიზედ მე-5 სეზონია პლეი ოფის პირველ რაუნდში ვარდება. ახალი სისხლი პეისერსსაც სჭირდება, ამდენად, არაა გამორიცხული, გუნდი ძირეულ ცვლილებებზე მართლაც წავიდეს. როგორც Fadeawayworld წერს, ამ შემთხვევაში, ინდიანას სასტარტო ხუთეული ასეთ სახეს მიიღებს: რასელ ვესტბრუკი, ვიკტორ ოლადიპო, ტი ჯეი უორენი, რობერტ კოვინგტონი, გოგა ბითაძე.

“ეს ნამდვილად არის ის შემადგენლობა, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ამ ხუთეულს პლეი ოფის საწყისი წრის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. ამასთან, პეისერსი ვესტბრუკის სახით ბოლო-ბოლო მიიღებს ნამდვილ ვარსკვლავს, რომელიც პოლ ჯორჯის შემდეგ არ ჰყოლია”, - წერს აღნიშნული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ინდიანამ 21 წლის ბითაძე გასული წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. გოგამ რეგულარულ სეზონში 54 მატჩი ითამაშა, 2-ჯერ კი სასტარტო ხუთეულშიც იყო. მისი საშუალო სტატისტიკა 8.7 წუთი, 3.2 ქულა და 2.0 მოხსნა გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 471 წუთში 37 დაფარება მიითვალა, რაც ახალბედებში მე-8 შედეგი იყო. ვთქვათ ისიც, რომ პლეი ოფში მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, პეისერსმა ნეიტ მაკმილანი დაითხოვა, ახალი მთავარი მწვრთნელი კი ჯერაც არ დაუნიშნავს.

კომენტარები

ბოლო ამბები