Thumbnail
  • 30 წლის ჯაბა ბრეგვაძემ იაპონურ სანვულვზთან კონტრაქტი გააფორმა
  • ბრეგვაძის ტრანსფერზე დიდი დამსახურება მილტონ ჰეიგს მიუძღვის
  • სუპერ-რაგბი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია რაგბიში

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ჰუკერი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც სუპერ-რაგბის ჩემპიონატში ითამაშებს. 30 წლის მოთამაშემ იაპონურ სანვულვზთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და 2018 წლის სეზონში მის რიგებში ითამაშებს.

სუპერ-რაგბის ახალი სეზონი თებერვალში იწყება, ბრეგვაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს ჩატარებული, 1-ელი იანვრიდან შეუერთდება იაპონურ კლუბს.

ყოჩების ყოფილ მოთამაშეს აქამდე ფრანგულ ტულუზაში, ინგლისურ ვუსტერსში, რუსულ კრასნი იარში და თბილისის ლოკომოტივში უთამაშია.

ჯაბა ბრეგვაძე კარდიფში, უელსთან ტესტმატჩში

ტრანსფერში დიდი წვლილი მიუძღვის მილტონ ჰეიგს, სანვულვზის მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი სწორედ მისი მეგობარია. ჯოზეფი დაუკავშირდა ჰეიგს და უთხრა, რომ პირველ და მეორე ხაზის მორაგბეებს ეძებდა.

„სუპერ-რაგბიში თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. იაპონიის ნაკრები ახლახანს ფრედ ეთამაშა საფრანგეთს, შარშან ცოტა დააკლდა უელსთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, ხოლო სანვულვზი იაპონიის ნაკრების საბაზო გუნდია. მომიწევს თამაში ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი და არგენტინელი ვარსკვლავების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ვიქნები პირველი ქართველი სუპერ-რაგბიში და უნდა დავამტკიცო, რომ თუ ვთამაშობთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ამის გაკეთება სუპერ-რაგბიშიც შეგვიძლია. ვფიქრობ, იქ ინგლისზე უფრო მაღალი სათამაშო ტემპია, მაგრამ თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, ორი-სამი თამაშის შემდეგ ამ ტემპს ალღოს ავუღებ და ყველაფერი კარგად იქნება", - განუცხადა ბრეგვაძემ rugby.ge-ს.

სანვულვზის პრეზენტაცია

"მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ერთ-ერთი ლიდერი ჩვენთან ითამაშებს. ყველამ იცის, რა ძლიერია საქართველოს შერკინება. ჩვენ ამ კომპონენტში მოსამატებელი გვაქვს, ასე რომ, ბრეგვაძის დამატება წაგვადგება", - განაცხადა ჯოზეფმა 4 დეკემბერს ახალის სეზონისწინა პრეზენტაციაზე.

სუპერ-რაგბი (იგივე ზე-რაგბი) სამხრეთ ნახევარსფეროს მოწინავე კლუბების პირველობაა, რომელიც სათავეს 1996 წელს იღებს. 2005 წლამდე ტურნირში 12 გუნდი თამაშობდა და შეჯიბრებას სუპერ-12 ერქვა. 2011 წლიდან ტურნირს სუპერ-რაგბი ჰქვია. ამჟამინდელი გამარჯვებული ზელანდიური კრუზეიდერსია, რომელმაც ტიტული მე-8-ედ მოიგო.

წყაროlequipe.fr

კომენტარები

ბოლო ამბები