Thumbnail

‘ქართულ რაგბს კლანი უნდა ჩამოშორდეს’ – საინიციატივო ჯგუფის განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს, რის გამოც მოგვიანებით კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. საინიციატივო ჯგუფის წევრთა აზრით, მომხდარი ქართულ რაგბში “კლანის” მოღვაწეობას უკავშირდება.

“ჩვენი შეკრების მიზეზია ის სამარცხვინო ფაქტი, რაც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია საქართველოს შვიდკაცა ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. რამაზი ასევე არის რაგბის კავშირის საბჭოს აქტიური წევრი, რომელიც არჩეული იყო 32 სარაგბო კლუბიდან 31-ის მიერ, კლუბი ლელოს გამოკლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველა მორაგბის სახელით, საზოგადოებას გვინდა ბოდიში მოვუხადოთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. რაგბი იყო და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. ჩვენ მომავალშიც ბევრ სიხარულს მოგიტანთ, ოღონდ მანამდე გვაქვს ერთი რამ გასაკეთებელი – ეს არის რაგბის თემიდან “კლანის“ მოშორება. ყველა ის ნეგატიური ინფორმაცია, რომლის მოწმეები ჩვენ დღეს შევიქმენით, გამოწვეულია იმით, რომ რაგბის თემში მიმდინარეობს “კლანის“ მოშორების მტკივნეული პროცესი, “კლანის“, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და ყოველ წელს თავის მარწუხებს სულ უფრო მჭიდროდ უჭერს რაგბის თემს. გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ამ “კლანთან“ აქტიური ბრძოლა უკვე 5 წელია რაც მიდის, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ ხდებოდა, რადგან თითოეული მორაგბე უფრთხილდება რაგბის დადებით იმიჯს, თუმცა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაიძულა 2020 წლიდან რაგბის პრობლემები სახალხოდ გამოგვეტანა.

ივნისის თვეში, მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირი აბსოლუტურად პარალიზებული იყო და რაგბის კავშირში აღარ ფუნქციონირებდა სარაგბო კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის აქტიური წევრი იყო და არის რამაზი. “კლანი“ აღნიშნული საბჭოს დაკანონების წინააღმდეგი იყო და აყენებდა პირობას, რომ ამ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, შესაძლებელი გახდა მათთან მოლაპარაკების მიღწევა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ქართულ რაგბს აღმოუჩინა უპრეცედენტო დახმარება – გაზარდა კლუბების დაფინანსება, დაგვეხმარა ჩემპიონატის ორგანიზებაში და დღეს უკვე მის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში, განახორციელა არაერთი რაგბისთვის სასარგებლო ინიციატივა, რისი დაგვირგვინებაც იყო 8 ერში ეროვნული ნაკრების მონაწილეობა. ამის პასუხად, “კლანმა“ დაარღვია თავისი შეპირება და გამგეობაზე ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს შექმნას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს შექმნილია მდგომარეობა, როცა “კლანი“ ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს, ასევე სახელმწიფოს, ამიტომ მოვითხოვთ რაგბის გამგეობის გადადგომას”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები