Thumbnail

ლუცერნს კაკაბაძე აღარ სჭირდება - ოთარს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს

  • შვეიცარიულ კლუბში ქართველ მარჯვენა მცველზე იმედებს აღარ ამყარებენ
  • სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შვეიცარიული ლუცერნის მცველს ოთარ კაკაბაძეს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. ამის შესახებ ვარაუდს შვეიცარიული სპორტული მედია გამოთქვამს, რომლის ცნობით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ლუცერნიდან წასვლა გარდაუვალია, რადგან ის გუნდის მთავარი მწვრთნელის ფაბიო სელესტინის გეგმებში აღარ შედის.

"მიუხედავად სეზონის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტისა, ოთარ კაკაბაძის დრო ლუცერნში ამოიწურა. სპორტულმა ხელმძღვანელობამ 25 წლის ქართველს აცნობა, რომ გუნდში მასზე იმედებს აღარ ამყარებენ. თუნთან მოგებულ სათასო მატჩში (1:0) კაკაბაძეს წუთიც არ უთამაშია და ვითარება არც მომავალში შეიცვლება, რადგან მწვრთნელი ფაბიო სელესტინის ის აღარ სჭირდება", - წერს საიტი zentralplus.ch

კაკაბაძე ლუცერნში 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ესპანური ხიმნასტიკიდან გადავიდა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ოთარმა 2019/20 წლების შვეიცარიის სუპერლიგის 20 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ოთარი საქართველოს ნაკრებში თავის პოზიციაზე უალტერნატივოა

ოთარ კაკაბაძე, რომელსაც დინამო თბილისსა და დანიურ ესბიერგშიც უთამაშია (იჯარით), საქართველოს ეროვნული ნაკრებში 2015 წლიდან გამოდის და მისი მაისურით 34 შეხვვედრა აქვს ჩატარებული. მცველის ანგარიშზე ნაკრებში 4 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები