Thumbnail

ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივი მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ თამაშს პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და ისინი თბილისში მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდნენ. ნოვიკოვის თქმით, მან მეტოქე კარგად შეისწავლა და მისი პლუს-მინუსები კარგად იცის.

კირილ ნოვიკოვი (მოსკოვის დინამოს მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვართ, რომ თბილისში ჩამოვედით. სერიოზული მეტოქე გველოდება, რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. სრული ინფორმაცია გვაქვს მოწინააღმდეგის შესახებ, ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა მედიასთან ამის შესახებ არ ვისაუბრებთ.

არ ვეთანხმები ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრის სერგეი სტეპაშინის განცხადებას, თითქოს ეს საქართველო-რუსეთის მატჩია. არა, პოლიტიკა არაფერ შუაშია, თამაშს ამ კონტექსტში არ განვიხილავთ, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. სტეპაშინი ჩვენთან ერთად თბილისში არ იმყოფება, მოსკოვში დარჩა.

მამაჩემმა ბევრი რამ მითხრა საქართველოზე, კერძოდ, ევროტურნირებზე დინამო მოსკოვი მეტოქეებს თბილისშიც მასპინძლობდა და სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ფეხბურთის თამაში გულშემატკივრებისთვისაა. გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც სტადიონი მაქსიმალურად ივსება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ცარიელ სტადიონზე უნდა ვითამაშოთ და ამიტომ, ატმოსფერო ქრება. ეჭვი არ მეპარება, რომ ქომაგებს შანსი რომ ჰქონდეთ, სტადიონი სავსე იქნებოდა. ეს კარგი იქნებოდა ზოგადად ფეხბურთისა და გუნდებისთვის.

შეიძლება სამსახურიდან გამათავისფულონ? ჩვენ საქმეს მშვიდად ვაკეთებთ. დინამოს ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით. გვინდა ევროპალიგაზე ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ და რუსეთის ჩემპიონატის ლიდერებში ვიყოთ".

 

კომენტარები

ბოლო ამბები