Thumbnail

რაგბის კავშირში პროკურატურაა შესული - რა კავშირშია ეს ხარაზიშვილის დაჭრასთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უკვე 3 კვირაა, რაც საქართველოს რაგბის კავშირში პროკურატურაა შესული და ფინანსურ საკითხებს იკვლევს. ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ სანდრო საკანდელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შესაძლოა, დღევანდელი ინციდენტიც, რასაც მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრა მოჰყვა, ამის გამოძახილი იყო.

“რაგბის კავშირი ფინანსურ კრიზისშია შეყვანილი. ისეთ მიმართულებაზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა. ის მმართველობა, რაც ბოლო 8 წელია აქ არის, ჩვენთვის მიუღებელია. ამაზე შიგნიდან ვიბრძოდით, 5 წელი გარეთ არ გამოგვქონდა პრობლემები. როგორც ჩანს, ამან არ იმუშავა და შემდეგ გარეთ გამოტანა მოგვიწია. 3 კვირაა, რაც პროკურატურაა შემოსული და ფინანსურ საკითხებს იკვლევენ. პროკურატურა ყველაფერს უფრო კომპეტენტურად იტყვის”, - განაცხადა საკანდელიძემ.

მისივე თქმით, იმის ინიციატორი, რომ საქართველოს რაგბის კავშირში პროკურატურა გამოჩენილიყო, რამაზ ხარაზიშვილი არ ყოფილა. რაც შეეხება სროლისა და დაჭრის ფაქტს - საკანდელიძის თქმით, მისი ინფორმაციით, ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია, ვინც დაჭრაშია ეჭვმიტანილი, რაგბის კავშირის შენობაში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ.

“არ ვიცი, დღეს რა მოხდა. კოვიდთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, ხარაზიშვილი აქ ყოველთვის დადის, რადგან საბჭოს წევრია. როგორც ვიცი, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს”.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა რამდენიმე საათის წინ იყო და არსებული ინფორმაციით, ხარაზიშვილის მიმართულებით გასროლა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები