Thumbnail

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის დინამოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. სპეციალისტმა მოახლოებული თამაშის წინ დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ერთადერთი ამოცანა აქვს - ფეხბურთის თამაში...

...მზადების პროცესი: "ჩვეულ რეჟიმში მოვემზადეთ, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ, როგორც ნებისმიერი მატჩისთვის. ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს და ამ თამაშს ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით, რადგან ბოლო მატჩები მოვიგეთ".

...ფეხბურთელების მზადყოფნა: "ყველა ფეხბურთელი, ვინც განაცხადშია, მზად არის. რაც შეეხება ვინ რამდენ სათამაშო დროს მიიღებს, ამის თქმისგან თავს შევიკავებ. ყველა მზადაა 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის. ერთადერთი დავით კირკიტაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოირჩინა ტრავმა და იდეალურ კონდიციაში არ იმყოფება".

ლოკომოტივის ბოლო ვარჯიში მოსკოვის დინამოსთან მატჩის წინ

...დინამოს და კრაიოვას შედარება: "შევისწავლეთ მეტოქე, ინდივიდუალურად, გუნდურად ყველაფერი გარჩეული გვაქვს. კრაიოვა ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ როდესაც მისი თამაში ვნახეთ, ბევრად ადვილი იყო მის წინააღმდეგ თამაშის დაგეგმვა, რადგან ისინი მუდმივად ერთი შემადგენლბით თამაშობდნენ და ამიტომ, ჩემთვის ადვილი იყო მისი თამაშის შესწავლა. მოსკოვის დინამო კი ცვლის სისტემას, ხან 4 მცველით თამაშობს, ხან - 5 მცველით და ამიტომ უფრო რთულია. ბევრი ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე კრაიოვა. დინამოს რუმინელებთან შედარებით უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს".

...დინამოს უხეში სათამაშო სტილი: "არ ვიცი რუსულ პრესაში რა დაიწერა, მაგრამ მოსკოვის დინამოს თამაში ზენიტთან ვნახე და არ ვიცი, რატომ არ მოსწონთ ამ გუნდის თამაში რუსეთში. უბრალოდ, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, მთელი თამაში ელოდებოდა თავის შანსს, რომელიც მიიღეს და გამოიყენეს, მაგრამ ეს განპირობებული მეტოქით იყო, რადგან ზენიტის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა".

...წნეხი მატჩამდე: "ქართული კლუბები, როდესაც ამ დონეზე გადიან, წნეხი ყოველთვის არსებობს. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ევროტურნირების ჯგუფურ ეტეპზე რომელიმე ქართული გუნდი მოხვდეს - იქნება ეს დინამო თბილისი, ლოკომოტივი, დინამო ბათუმი თუ სხვა. მთავარია ასეთი რამ მოხდეს და ვფიქრობ, მერე ყველაფერი უფრო გაადვილდება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ გზაზე ვინ შეგვხდება - კრაიოვა, მოსკოვის დინამო თუ სხვა. გზაზე რა გუნდები შეგვხვდება, ადრე რა დაპირისპირება იყო -  ვცდილობ, ფეხბურთელებს ეს წნეხი მოვუხსნა. მათთვის ეს მხოლოდ სპორტი, ფეხბურთია და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ".

...მოსალოდნელი პროვოკაცია დინამოსგან: "მსაჯის მომენტი მახარებს - ძალიან მაღალი დონის არბიტრია საფრანგეთიდან, რომელიც ლიგა 1-ის მატჩებს მსაჯობს. ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ არანაირ პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, მსაჯს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ერთი საქმე გვაქს - გავიდეთ თავდადებით მოედანზე და შედეგს მივაღწიოთ. ეს ძალიან რთულად გასაკეთებელი საქმეა და სხვა რაღაცებზე ყურადრების გადატანა ნამდვილად არ მოგვეხმარება. მთლიანად თამაშზე ვართ კონცენტრირებული.

გეთანხმებით, რომ რუბინთან ძალიან უხეშად თამაშობდა დინამო და ვნახე კვარაცხელიას მომენტიც. არ მინდა, ვთქვა, რომ განზრახ გააკეთეს, მაგრამ ფაქტია ძალიან უხეშობდნენ. თუმცა, ამ თამაშში ისიც გამოჩნდა, რა არის ქართული გენეტიკა და როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში".

...დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრის განცხადება: "გულშემატკივარზე საუბარი ზედმეტია და ძალიან გვაკლია. ეს თამაში რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება არ არის, ეს სპორტია და ჩვენ მათ მინდორზე უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომაც, მოსკოვის დინამოს წარმომადგენლის განცხადება ჩემთვის არასერიოზულია. საკმარისია როგორი პასუხი გასცა მას რუსეთის საზოგადოებამ. ეს არის სპორტი, ეს არის ფეხბურთი და ეს არის თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს თამაში. გვსურს ხალხი გავახაროთ და გაიხარებს, თუ გავიმარჯვებთ".

...ომი და დაკარგული ტერიტორიები: "ამ შემთხვევაში ომი არაფერ შუაშია - არც წარსული, არც დაკარგული ტერიტორია, რის გამოც გული ყოველთვის გვტკივა. მაგალითად, კრაიოვასთან მატჩის წინ ჩვენ ეს ომი გავიხსენეთ, რადგან ის ადამიანები იბრძვიან იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ეს ბიჭები ავტომატსაც აიღებენ, თუ საჭირო გახდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს დრო არასდროს დადგება საქართველოში. ეს არის ფეხბურთი და ამიტომ, ეს ამბავი უნდა გავმიჯნოთ".

პრესკონფერენციას ლოკომოტივის კაპიტანიც დაესწრო

ლოკომოტივის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი დავით უბილავაც იმყოფებოდა, რომელმაც ხვალინდელი თამაშის შესახებ ისაუბრა:

დავით უბილავა (ლოკომოტივის ფეხბურთელი): "ვფიქრობ, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა. სრული შემადგენლობით მზად ვართ. მეტოქე გუნდი მაქსიმალურად შევისწვალეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, დაცვაშიც და შეტევაშიც. ვფიქრობ, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეებიც არიან. ეს ისეთი დონის მატჩია და ისეთი დატვირთვა აქვს,  ახლაგაზრდა ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი საჭირო არ არის და ჩემი აზრით, ყველანი მზად ვიქნებით".

კომენტარები

ბოლო ამბები