Thumbnail

თბილისის ლოკომოტივი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 17 სექტემბერს გაიმართება და ის 23-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ-რუსული კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა პირველ ეტაპზე რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას შინ ანგარიშით 2:1 სძლიეს, მოსკოველებისთვის კი ეს მატჩი ევროთასებზე პირველი იქნება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

📷 მოსკოვის დინამო უკვე თბილისშია

თბილისში გამომგზავრებამდე მოსკოვის დინამოს თავდამსხმელმა ნიკოლაი კომლიჩენკომ მომავალ დაპირისპირებაზე კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:

"ევროთასების სტარტის მოლოდინი დადებითია. გვსურს მოგებით დავიწყოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ფიზიკურად მზად ვართ, განწყობა საბრძოლოა და ამიტომ, ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს… მეტოქე უკვე გავიცანით, თუმცა მისი დეტალური განხილვა ჯერ წინ გვაქვს. ჩანს, რომ გუნდი ტექნიკურია - ქართული კლუბები ამით გამოირჩევიან. მაგრამ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს და ვიცით, თამაში რაზე უნდა ავაგოთ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება". 

ჩემპიონატის ბოლო ტურში ნიკოლაი კომლიჩენკო გააძევეს

მოსკოვის დინამოს ამჟამად კირილ ნოვიკოვი წვრთნის, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერგეი სილკინი კი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მეტოქეთა შანსები თანაბარია: 

"იმისათვის, რათა დინამო ფავორიტად მოვიხსენიოთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ მდგომარებაშია სრულიად ქართული ფეხბურთი და კონკრეტულად ლოკომოტივი. დინამო რუსეთის ჩემპიონატში იმდენად არასტაბილურად გამოდის, რომ გუნდების შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. გასვლაზე ვთამაშობთ და ვიცით, რომ სამხრეთული გუნდები დიდწილად "სახლის გუნდებია". მეორე მხრივ, დინამო მეორე ნომრად თამაშის დროს ხშირად აღწევს შედეგს და ქულებს რუსეთის ჩემპიონატის ლიდერებთან აგროვებს. ამიტომ, შანსები თანაბარია".

მოსკოვის დინამომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ყაზანში რუბინთან წააგო (0:1). რუბინმა გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მოსკოვის დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრი სერგეი სტეპაშინი ყურადღებას ქართველების ტექნიკაზე ამახვილებს: 

"ქართული გუნდი ყოველთვის საინტერესოა - კარგი მოძრობითა და სისწრაფით. თამაშობენ ახალგაზრდები, რომლებიც ყველანი ქართული სკოლის წარმომადგენლები არიან. იმის გამო, რომ რუბინთან მატჩში ჩვენს კარში პენალტიც 19 წლის ქართველის ორგანიზებულია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათთან ძალიან ყურადღებით თამაშია საჭირო და და ძალიან ფაქიზად დაცვაში. მათ შეუძლიათ ბურთის ტარება, აქვთ კარგი დრიბლინგი, დარტყმა. თანაც, მოსკოვის დინამო თბილისის ლოკომოტივისთვის, სპორტული თვალსაზრისით, ძალიან კარგი გამაღიზიანებელი იქნება". 

ლოკომოტივი ევროთასების შემდეგ ეტაპზე 21-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა

თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს წყვილში გამარჯვებული ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაზე, 24 სექტემბერს, ალბანურ ტუეტასა და ესპანურ გრანადას წყვილში მოგებულს სტუმრად ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები