Thumbnail
  • ვოლგოგრადის როტორში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
  • მიქელთაძისა და ყიფიანის შემდეგ, ტესტზე დადებითი პასუხი ზურიკომაც მიიღო
  • 19 წლის ნახევარმცველი ვოლგოგრადში ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის როტორის ნახევარმცველს ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსული ინფექცია აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას РБ-Спорт აცრცელებს, რომელიც რუსულ კლუბში ინფიცირებულთა მატების შესახებ წერს.

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში, როტორს კრანსოდართან უნდა ეთამაშა, მაგრამ ვოლგოგრადის გუნდში ჩატარებულმა ტესტირებამ COVID-19 შვიდი ფეხბურთელის, მათ შორის ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის ანალიზში აჩვენა და თამაში გადაიოდო. 

როგორც ირკვევა, როტორში ტესტირება მოგვიანებითაც ჩატარდა და ინფიცირებულებს, სხვებთან ერთად, ზურიკო დავითაშვილიც დაემატა, რომელიც მანამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ერთა ლიგაში სექტემბრის მატჩებისთვის იყო გამოძახებული.

დავითაშვილი ვოლგოგრადში სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნდა

საიტის ცნობით, გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს ინფექციისგან ფილტვების პრობლემები აღენიშნება, თუმცა კლუბის პრესსამსახური ამას არ ადასტურებს.
 
"კლუბის სპორტსმენები და პერსონალი ტესტირებას ყოველდღიურად გადიან. სამშაბათს ჯანმრთელმა ფეხბურთელებმა სტადიონ “ზენიტზე” ივარჯეს. ის მოთამაშეები, რომელთა ტესტები დადებითი იყო, იზოლირებულნი არიან და დაავადება მსუბუქ ფორმაში გადააქვთ", - წერს რუსული კლუბის ოფიციალური ტვიტერი.

როტორს, რომლის ღირსებას დავითაშვილის, მიქელთაძისა და ყიფიანის გარდა, საბა კვერკველიაც იცავს და ცოტა ხნის წინ დინამო ბათუმიდან ჯოვინო დაემატა, ჩემპიონატში მე-8 ტურის შეხვედრა 19 სექტემბერს, როსტოვთან უწევს, 23-ში კი რუსეთის თასზე სტავროპოლის დინამოსთან უნდა ითამაშოს. ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა ეს მატჩები და როგორი შემადგენლობით ითამაშებენ ვოლგოგრადელები.

ზურიკო როტორში იჯარით რუბინიდან გადავიდა და მის ლიდერად სწრაფად იქცა

ვოლგოგრადულ გუნდს რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ, სულ 2 ქულა აქვს და ბოლო, მე-16 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები