Thumbnail

'სასქესო ორგანო აჩვენა და შოკში ჩააგდო' - რას ედავებიან მაკგრეგორს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რაც კონორი მეგაპოპულარული გახდა, მისი ცხოვრებაც უბრალოდ სიგიჟედ იქცა'
  • 32 წლის ირლანდიელ ვარსკვლავს ისევ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ორ წონით კატეგორიაში UFC-ს ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში მოგზაურობისთვის ემზადებოდა, მისი ერთ-ერთი კომპანიონი კი მონაკოს პრინცესა უნდა ყოფილიყო. ირლანდიელის ეს გართობა იმის გამო ჩაიშალა, რომ ვოიაჟამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, ის კორსიკის პოლიციამ დააკავა.

მაშინ მედია კონორის მხრიდან სექსუალური ხასიათის დანაშაულზე საუბრობდა, ახლა კი, ინციდენტის დეტალები ხდება ცნობილი და ისიც, რომ მებრძოლს საქმე საკმაოდ რთულად აქვს. აღსანიშნავია, რომ თავად მაკგრეგორი ყველაფერს უარყოფს და მისი სახელით პირველი განცხადება მენეჯერმა ოდი ატარმა გაავრცელა:

“კორონი არცერთ ბრალს არ ეთანხმება. ის პოლიციამ დაკითხა და მალევე გაათავისუფლეს. პირადად მეც განრისხებული ვარ და ხმამაღლა ვაცხადებ: მაკგრეგორი ვერ გახდება მათი სამიზნე, ვინც პრესაში მოხვედრასა და რაიმე ჰონორარის მიღებას გეგმავს”.

მალევე კომენტარი UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა გააკეთა:

“ამის თაობაზე არაფერი ვიცი. მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე. კონორმა სპორტს თავი დაანება და მასთან არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, ჩემს რჩევას არ საჭიროებს. რამე რომ ჩაედინა, მგონი, დამირეკავდა. რაც მეგაპოპულარული გახდა, მისი ცხოვრებაც უბრალოდ სიგიჟედ იქცა. გასაკვირი არაა, რომ მაკგრეგორის საზოგადოებაში გამოჩენა ხშირ შემთხვევაში არაორდინალურ ამბებს იწვევს”.

მოგვიანებით მომხდარის გარკვეული დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ მაკგრეგორმა სასქესო ორგანო უჩვენა ქალბატონს, რომელიც ერთ-ერთი ბარის ტუალეტში მიემართებოდა, შემდეგ კი, მას თავს დაესხა. კონორი პარასკევსვე მისივე შვილების თანდასწრებით დააპატიმრეს. სახელოვანი მებრძოლი მომდევნო დღეს ბრალის წაყენების გარეშე გაუშვეს, თუმცა, საქმე არ შეწყვეტილა და შესაძლოა, ახალი მიმართულება მიიღოს, რაც The Sun-მა დაზარალებულის მეგობრის ჩვენება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ინციდენტის დროს ირლანდიელი ძალიან მთვრალი იყო.

“მაკგრეგორმა, რომელსაც თან პირადი მცველებიც ახლდა, ახალგაზრდა ქალს სასქესო ორგანო მისი თანხმობის გარეშე აჩვენა. ამან ქალი, რომელიც კორსიკაზე მეუღლესთან ერთად ისვენებდა, ღრმა შოკში ჩააგდო. როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, მას ანონიმად დარჩენის სრული უფლება აქვს”.

საინტერესოა, რომ მხოლოდ 2019 წელს კონორს სექსუალურ ძალადობაში ბრალი 2-ჯერ დასდეს. პირველად საქმე არ აღძრულა, მეორე  შემთხვევაში კი, განხილვა წლეულსღა დასრულდა. მაშინ ირლანდიელს ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა, ახალმა შემთხვევამ მისი რეპუტაცია ძალიან აზარალა. წყობილებიდან გამოვიდა თავად ირლანდიელი ვარსკვლავიც, რომელმაც ერთ-ერთ კრიტიკოსს სოციალურ ქსელში უპასუხა:

“ასე აღარ შემიძლია, უბრალოდ, განადგურებული ვარ. იმის მაგივრად, რომ თვითმკვლელობისგან მიხსნა, შენ, ჩემთვის ურთულეს პერიოდში კიდევ ზეწოლას ახდენ. ვცდილობ, შვილებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ვუყვარვარ, ძლიერი ვიყო, შენ კი, ლანძღვისთვის, მადლობა, თვალთმაქცო”.

მალევე, კონორმა ტვიტი წაშალა, თუმცა, ეს იმის დასტური იყო, რომ მაკგრეგორის ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ირლანდიელმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის ივნისში გააკეთა, რასაც ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. საქმე ის გახლავთ, რომ გასულ წლებში ის ოქტაგონიდან 2-ჯერ წავიდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში უკან ბრუნდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები