Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 89:104 დენვერ ნაგეთსი
  • ნაგეთსმა ზედიზედ მეორედ შეატრიალა 1:3 თავის სასარგებლოდ
  • ეს ნიკოლა იოკიჩის ბრწყინვალე სამმაგი დუბლის დამსახურებაა

ლოს ანჯელეს კლიპერსი გავარდა! ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ეს ცუდია, რადგან დასავლეთ კონფერენციის ფინალში ბევრი ლოს ანჯელესურ დუელს ელოდა და ისურვებდა. მაგრამ კონფერენციის ნახევარფინალის მეშვიდე თამაშში კლიპერსი ნაგეთსთან დამარცხდა - დენვერმა ზედიზედ მეორედ შეძლო 1:3-იდან სერიის თავის სასარგებლოდ შეტრიალება (მანამდე ეს იუტა ჯაზთან გააკეთა). შედეგად: დენვერ ნაგეთსი პირველი გუნდია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ პლეი ოფში ორჯერ მოახერხა 1:3 ჩამორჩენის თავის სასარგებლოდ შეტრიალება.

104:89 მოგებულ მატჩში ისევ და ისევ ნიკოლა იოკიჩი იყო განსაკუთრებული - მან გრანდიოზული სამმაგი დუბლი გააკეთა! მართალია, სერბს ბევრი არ ჩაუგდია (16 ქულა), მაგრამ 13 პასი და 22 მოხსნა ჰქონდა (3 დაფარებაც). ტოპსქორერი კი დენვერელთაგან ჯამალ მარი გახლდათ, რომელმაც თავისი 40 ქულიდან 20 მეორე მეოთხედში ჩააგდო. გამარჯვებაში თავიანთი წვლილი გარი ჰარისმა და ჯერამი გრანტმაც შეიტანეს (14-14 ქულა).

კლიპერსის ლიდერებმა, კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა ყველას იმედები გაუცრუეს - პირველმა მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო (6-6 მოხსნა და პასი), მეორემ კი - სულ რაღაც 10 ქულა დააგროვა (4 მოხსნა, 0 პასი). მათ განსაკუთრებით მეორე ტაიმში არაფერი გამოსდიოდათ. კლიპერსიდან ყველაზე მეტი ქულა მონტრეზლ ჰარელს ჰქონდა (20).

“უბრალოდ ვეღარაფერი ჩავაგდეთ. ეს მარცხი ძალიან დიდი ტკივილია, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ პოლ ჯორჯმა. 

“არავის უნდოდა, რომ აქ ვყოფილიყავით. ჩვენი არავის სჯეროდა. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი დიახაც შეგვიძლია,” - ეს დენვერის გმირის, ნიკოლა იოკიჩის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები