Thumbnail

გიორგი აბურჯანიას ესპანურ რეალ ოვიედოში ტრანსფერის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც Twentefans წერს, სეგუნდა დივიზიონის კლუბს 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სურს და არა, იჯარის წესით აყვანა. ოვიედო სევილიას სწორედ ამის თაობაზე ესაუბრება და როგორც სჩანს, ჩვენებური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიაზე სატრანსფერო უფლებები სწორედ ანდალუზიელებს ეკუთვნით და გარიგების წინააღმდეგნი არც ისინი არიან. გიორგის დატოვება აღარ სურს ჰოლანდიურ ტვენტესაც, სადაც ჩვენებური ბოლოს იყო განათხოვრებული, ამდენად, ენსხედური კლუბი მზადაა საჭირო დოკუმენტები უმოკლეს დროში გაამზადოს.

“თუ ის წავა, ეს ჩვენთვის შვება იქნება. ჯერ კიდევ ვეძებთ შემტევ ნახევარმცველს და ეს ტრანსფერი გარკვეულწილად გაადვილებს ძებნის პროცესს”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ტვენტეს ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმა.

ცნობილი ხდება, რომ რეალ ოვიედო ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად ხუთშაბათს ან პარასკევს გამოაცხადებს და მისი წარდგენაც მოხდება.

აბურჯანია ტვენტეში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და გასულ სეზონში 19 თამაშში თავი 2 გოლით გამოიჩინა. მას ესპანეთში ტარაგონას ხიმნასტიკსა და ლუგოშიც უთამაშია. გიორგის ახალი გუნდი სეგუნდა დივიზიონში თამაშობს და 2020/21 წლების სეზონი კარტახენასთან უგოლო ფრით გახსნა, 19 სექტემბერს კი მირანდესს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები