Thumbnail

PREVIEW | პრინციპული თამაში - რა შანსი აქვს ლოკოს მოსკოვის დინამოსთან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

რა სამწუხაროა, რომ ამ თამაშს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან - ქომაგებთან ერთად რუსული კლუბის წინააღმდეგ მატჩი სულ სხვა ამბავი იქნებოდა...

ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივი მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება. მატჩი რომ ძალზე პრინციპულია, ამას დიდი ახსნა-განმატება არ სჭირდება. რუსები ევროთასებზე ახლა ერთვებიან, ხოლო ლოკომოტივმა პირველ წრეში რუმინული კრაიოვა უნივერსიტატეა 2:1 დაამარცხა.

თბილისის ლოკომოტივი თამაშს კარგ განწყობაზე და კარგ ფორმაში ხვდება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო და ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაც დამატებითი მოტივაცია უნდა გამოდგეს. თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურშიც ადვილად იმარჯვეს და საჩხერის ჩიხურა 4:1 დაამარცხეს. ლოკო საქართველოს ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ახლა რუსეთის ჩემპიონატიც გახურებულია და შესაბამისად, დინამო მოსკოვი სათამაშო კონდიციაშია. კირილ ნოვიკოვის გუნდი 7 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-5 ადგილზეა. ბოლო ტურში მოსკოველებმა შინ ყაზანის რუბინთან 0:1 წააგეს - ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დამსახურებით, რომელმაც პენალტი მოიპოვა და გოლიც ამის შედეგად გავიდა. მერე მოსკოველებმა ხვიჩა ბინძური ხერხით შეაჩერეს და 19 წლის ქართველი ტაიმის ბოლოს ტვინის შერყევისა და ცხვირის დაზიანების დიაგნოზით მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა...

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის დინამოსთან პენალტი მოიპოვა

აღსანიშნავია, რომ თბილისის ლოკომოტივი ევროტურნირებს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ამ სეზონამდე ბოლოს თბილისური გუნდი ევროსარბიელზე 2008 წელს თამაშობდა და ინტერტოტოს თასზე ლუქსემბურგის ეტცელას ბარიერი ვერ დაძლია (2:2, 0:0). უეფას თასზე კი ლოკომოტივს აქამდე ხუთჯერ უთამაშია, ბოლოს 2005/06 წლების სეზონში, როდესაც სომხურ ბანანცთან განიცადა მარცხი (0:2, 3:2). მანამდე ვერც დანიური კოპენჰაგენის, მალტური ბირკირკარას და სლოვაკური სლოვანის ბარიერის დაძლევა შეძლო. სანამ ჭიაბრიშვილის გუნდი კრაიოვას ბარიერს გადალახავდა, მანამდე ერთადერთი შემთხვევა, როცა ლოკომ უეფას თასზე და ზოგადად ევროსარბიელზე ეტაპი გაიარა, 1999/00 წლების სეზონი იყო და მაშინ ჩრდილოეთირლანდიური ლინფილდი ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში პაოკ-თან 0:9 განადგურდა (0:7, 0:2).

ცხადია, მოსკოვის დინამოს ევროპაში თამაშის თვალსაზრისით ლოკომოტივზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2014/15 წლების სეზონის შემდეგ უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. მოსკოველებმა 6 წლის წინ ევროპალიგაზე ითამაშეს და ასპარეზობას მერვედფინალში იტალიურ ნაპოლისთან მარცხით გამოეთიშნენ (1:3, 0:0).

დინამოს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და საკმარისია რამდენიმე გვარი ვახსენოთ, ყველაფერი გასაგები გახდება - მეკარე ანტონ შუნინი, უკრაინელი მცველი ივან ორდეცი, ხორვატი ნიკოლა მორო, გერმანელი მაქსიმილიან ფილიპი, ბურკინაფასოელი ჩარლს კაბორე და გუნდის მთავარი ლიდერი, კამერუნელი კლინტონ ნ’ჯი. მოკლედ, ლოკომოტივს სერიოზული გამოცდა ელის.

ლოკომოტივი მნიშვნელოვან მატჩს კარგ ფორმაში ხვდება
📷 | ს.კ ლოკომოტივი

მოსკოვის დინამომ ბოლოს თბილისში 2013 წლის ზაფხულში ითამაშა, როდესაც ამხანაგურ შეხვედრაში დინამო თბილისს დაუპირისპირდა და მაშინ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. ქართულ-რუსული დაპირისპირება ევროთასზე 1996 წლის შემოდგომაზე შედგა, როდესაც დინამო თბილისმა უეფას თასზე მოსკოვის ტორპედო დაამარცხა (1:0, 1:1). ერთი წლის შემდეგ კი იმავე ტორპედომ ინტერტოტოს თასზე თბილისის მერანი დაამარცხა (2:0).

საინტერესო ფაქტები

⚽ ლოკომოტივმა ევროთასზე ერთი წრე 20-წლიანი პაუზის შემდეგ გადალახა.

⚽ თბილისურ გუნდს ბოლო 4 თამაში არ წაუგია (3 მოგება, 1 ფრე), მაგრამ მანამდე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა (3 ფრე, 3 წაგება).

⚽ ლოკომოტივს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მესამე მწვრთნელი ჰყავს - ჯერ იყო ლევან კორღალიძე, მერე სოსო ფრუიძე და ახლა გიორგი ჭიაბრიშვილი.

⚽ მოსკოვის დინამოს ევროტურნირებზე 2015 წლის 19 მარტის შემდეგ არ უთამაშია.

⚽ რუსულ გუნდს ევროპალიგაზე ბოლო 10 მატჩიდან 7 მოგებული აქვს (2 ფრე, 1 წაგება). ეს ერთი წაგება ძვირად დაუჯდა, ნაპოლისთან 1:3 და ტურნირს გამოეთიშა.

⚽ მოსკოვის დინამომ ევროპალიგაზე სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 10 თამაშიდან 5 მოიგო (3 ფრე, 2 წაგება).

⚽ ლოკომოტივმა ევროპალიგაზე სახლში სულ 5-ჯერ ითამაშა და ერთადერთი გამარჯვება კრაიოვა უნივერსიტატეასთან მოიპოვა.

⚽ თბილისელთა ბოლო 5 მატჩში (ყველა ტურნირზე) 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მოსკოვის დინამოს ბოლო 5 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა და ორივე გუნდმა ერთხელ მოახერხა გატანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლოკომოტივი (4-4-2): შეროზია - გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა - კირკიტაძე, ჭანტურია, შონია, იმრანი - სიხარულიძე, გავაშელიშვილი

დინამო (4-2-3-1): შუნინი - პარშივლიუკი, ევგენიევი, ორდეცი, სკოპინცევი - კაბორე, ფომინი - შიმანსკი, ფილიპი, ნ’ჯი - კომლიჩენკო

კომენტარები

ბოლო ამბები