Thumbnail

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსურ კონაჰს დაუპირისპირდება. ორივე გუნდმა მიმდინარე ევროსეზონი ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, თუმცა პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერს გახდნენ: დინამო შინ ალბანურ ტირანასთან (0:2) დამარცხდა, ხოლო კონაჰი ბოსნიურ სარაევოსთან ასევე საკუთარ მოედანზე დარჩა წაგებული (0:2).

შესაბამისად, გუნდებმა ევროპალიგაზე გადაინაცვლეს და აქედან ეცდებიან ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის კარის შეღებას. ეს ადვილი არ იქნება - მანამდე სამი ბარიერია დასაძლევი და მათ შორის, პირველი ხუთშაბათს, რექსემში.

გამოკითხვა

ვინ გავა მომდევნო ეტაპზე?

  • კონაჰი
  • დინამო თბილისი

ტირანასთან მარცხის შემდეგ დინამოში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ჩისკო მუნიოსმა შეცვალა. ესპანელი დინამოს კარგად იცნობს და როგორც ჩანს, მან საკუთარი ხელი გუნდს უკვე დაატყო. ყოველ შემთხვევაში, პირველივე და ერთადერთი ოფიციალური მატჩი ჩისკომ დინამოს მოაგებინა და თანაც ძალზე მნიშვნელოვანი - დინამო ბათუმთან, დამაჯერებლად, 3:1. თბილისელებმა 3 გოლი გაიტანეს და ძნელი სათქმელია, რომელი უკეთესი იყო. განსაკუთრებით გიორგი გაბედავასა და ბაქარ ქარდავას გოლებია გამოსაყოფი. დინამო თბილისი კონკურენტთან გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონატში გალიდერდა, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი ამბავია - ახლა საინტერესოა, როგორ ითამაშებს გუნდი ევროპაში, სადაც დასამტკიცებელი და ტირანასთან მარცხიც დასავიწყებელი ნამდვილად აქვს.

დინამო თბილისი ლივერპულში ჩაფრინდა, თამაშს კი რექსემში გამართავს
📷 | დინამო თბილისი

კონაჰს, დინამოსგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში სულ 2 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. სარაევოსთან მარცხზე გითხარით. რაც შეეხება მეორეს: უელსის ჩემპიონატის პირველ ტურში, 12 სექტემბერს ბალა თაუნს დაუხვდა და ქულა მოიპოვა (1:1), რომელიც ბოლო წუთზე სემერონ დულის გოლით გადაარჩინა.

კონაჰი ევროპაში დიდი გამოცდილებით და მითუმეტეს წარმატებით ვერ დაიკვეხნის. პირველად 2016 წელს ითამაშა ევროპალიგაზე და პირველივე წრეში ნორვეგიული სტაბეკი გააგდო (0:0, 1:0), მაგრამ შემდეგ სერბული ვოივოდინა გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. მომდევნო სეზონში ფინურ ჰიკთან წააგო, ხოლო 2018/19 წლების სეზონში სოლიგარსკის შახტიორთან დამარცხდა. შედარებით წარმატებული გამოუვიდა შარშანდელი სეზონი, როდესაც ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიური კილმარნოკი დაამარცხა (1:2, 2:0), მეორე წრეში კი ბელგრადის პარტიზანთან ვერაფერს გახდა.

დინამო თბილისს უელსურ გუნდებთან აქამდე ორჯერ უთამაშია და ორჯერვე შეძლო მათი ბარიერის დაძლევა. პირველად ეს 1976 წელს თასების თასის 1/16 ფინალში მოხდა, როდესაც კარდიფ სიტიმ შინ 1:0 მოიგო, მაგრამ თბილისში დინამომ ვლადიმერ გუცაევის, დავით ყიფიანისა და ფირუზ კანთელაძის გოლებით 3:0 დაამარცხა.

დინამოსა და უელსელების გზები მეორედ 2011 წელს გადაიკვეთა. ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანელმა საკუთარ კედლებში 2:1 მოიგო, მაგრამ თბილისში დინამომ 5:0 გაანადგურა (გოლები: ალბერ იაგუე, რობერტინიო, კარლეს კოტო და ჩისკოს დუბლი). აღსანიშნავია, რომ დინამოელთა მოქმედმა მწვრთნელმა სადებიუტო გოლები თბილისური კლუბის მაისურით სწორედ უელსურ გუნდს გაუტანა. როგორც ხედავთ, დინამომ უელსური მეტოქის ბარიერი ორჯერვე დაძლია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ უელსში ასევე ორჯერ დამარცხდა და ახლა ყურადღებით ყოფნა მართებს, რადგან წარსულისგან განსხვავებით, საშინაო შანსს ვერ მიიღებს - დაპირისპირების გამარჯვებული რექსემში გაირკვევა, სადაც მატჩს 11 000 მაყურებელზე გათვლილი რესიკურს გრაუნდი უმასპინძლებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

კონაჰი (წითელ მაისურებში) ბალა თაუნთან მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა

მატჩს ლუქსემბურგელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის და მთავარი არბიტრი 35 წლის ალან დურიე იქნება. ცნობისთვის, ამ წყვილში გამარჯვებული მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების კლავსიკს დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფამდე მისვლა საკმაოდ რეალური ამოცანაა.

საინტერესო ფაქტები

⚽ კონაჰს ქართულ გუნდებთან არასდროს უთამაშია. დინამომ კი უელსელების ბარიერი ორჯერ დაძლია. თუმცა დინამომ უელსში ორივე თამაში წააგო.

⚽ კონაჰს ევროპალიგაზე ბოლო 10 მატჩიდან 8 წაგებული აქვს. ჯამში ევროტურნირებზე 12 თამაში ჩაატარა - 3 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება. ევროთასებზე უელსელების ბოლო 11 მატჩში ფრე არ დაფიქსირებულა.

⚽ დინამოს ევროსარბიელზე უკანასკნელი 10 მატჩიდან 4 აქვს მოგებული, 2-ჯერ ფრე ითამაშა და 4-ჯერ დამარცხდა. თუმცა, თბილისელებმა ბოლო 3 შეხვედრა ვერ მოიგეს.

⚽ ევროპალიგაზე ბოლო 4 საგარეო თამაშში დინამოს სტატისტიკა დადებითია - 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

⚽ ყველა ტურნირის გათვალისწინებით, დინამო თბილისის ბოლო 5 მატჩიდან ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე 2-ჯერ გაიტანა ორივე გუნდმა.

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს დინამო?

  • 1,5-ზე ნაკლებს
  • 1,5-ზე მეტს

⚽ კონაჰის სტატისტიკაც უკანასკნელ 5 თამაშში იდენტურია - 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა და 2.5-ზე მეტი გოლი 2-ჯერ გავიდა.

⚽ კონაჰს ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე არასდროს უთამაშია და დინამოს თუ მოუგებს, თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

⚽ დინამო თბილისმა კი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშანდელ სეზონში ითამაშა, სადაც ფეიენოორდთან ორი მატჩის ჯამში 1:5 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

კონაჰი (4-2-3-1): ბრასი - ჰოლმსი, ჰორანი, ფარქუჰარსონი, რობერტსი -მორლსი, ჰარისონი - კურანი, დული, ედვარდსი - უალდი

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე - ქარდავა, პაპავა - ორშულა, ზარია, ქავთარაძე - გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები